“აქ გაერთიანებული ვართ ერთი იდეეისთვის, რასაც საქართველოს თავისუფლება და ევროპული მომავალი ჰქვია. ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის. ეს არის ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის. ეს არის ბრძოლა სიმართლესა და ტყუილს შორის. ჩვენი წარმომადგენელი ვერ იქნება ზურაბ აბაშიძე და ყველამ ერთად მოვუწოდოთ, გადადგეს”,- მიმართავდნენ აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს.
აქცია 3 საათზე დაიწყო და ნახევარ საათს გაგრძელდა. ის საქართველოს ჰიმნით დაიწყო და დასრულდა. “გადადგეს საბჭოთა დიპლომატი”, “აბაშიძე პუტინის ენით გველაპარაკება”- ისმოდა აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა მიმართვებში.
“25 წლის წინ ამ ადგილზე შეიკრიბნენ ახალგაზრდები, სტუდენტები და დაამხეს წყეული საბჭოთა კავშირი. 25 წლის შემდეგ სახეცვლილი საბჭოთა კავშირი აღდგა და დღეს ჩვენ გველაპარაკება აბაშიძე-კარასინის ფორმატით. კარასინს და აბაშიძეს არ აქვს უფლება გვითხრას, რომ ნატო და ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის მომავალი არ არის. ჩვენ კარგად დავინახეთ ბოლო ორი წლის მანძილზე, რა გააკეთა ამ რიტორიკამ- ათასობით ჰექტარი მიწა წაგვართვა”,- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ქართველიშვილი.
დღევანდელ შეკრებას დეპუტატი სერგო რატიანი და თბილისის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელძე შეუერთდნენ.
საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავდა. მთავრობის განცხადებით, ეს ფორმატი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ითვალისწინებს.










