როგორც დეპუტატმა ნეტგაზეთს განუცხადა პატრიარქის მიერ ნაკურთხი არა პრემია, არამედ საჯარო სამსახურია:

“მე მხედველობაში მქონდა, რომ პატრიარქის მიერ როგორც ჯარისკაცის სამსახურია ნაკურთხი, ისე საჯარო სამსახურია-მეთქი. ამის თქმა მინდოდა, შეიძლება განერვიულებული ვიყავი და რაღაც ისე ვერ ვთქვი. ნამდვილად არ მიგულისხმია, რომ პრემიაა ნაკურთხი”, – განაცხადა დეპუტატმა ნეტგაზეთთან საუბარში.
“ნაკურთხი პრემიის” შესახებ ქაჩლიშვილმა მეორე დეპუტატ ლევან ხაზიურთან ერთად განცხადება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, “საკრებულოს [ლეიბორისტი] წევრის ზურაბ სეფიაშვილის თხოვნას, რომ მიეღო განმარტება რატომ დაიხარჯა წინასაახალწლოდ მხოლოდ 10 500 ლარი სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად და 193 400 ლარი პრემიებზე, „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრების აგრესია მოჰყვა: „პრემიების თემით აპელირება არ შეიძლება. პრემიები ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. “თვით პატრიარქის მიერ არის ნაკურთხი“, – განაცხადა ლევან ხაზიურმა. „პრემია ილია მეორის კურთხევით არის“, – აღნიშნა ზაქარია ქაჩლიშვილმა”.
რატომ დასჭირდა ოპონენტთან დისკუსიაში არგუმენტად პატრიარქის მოხსენიება? ქაჩლიშვილი ნეტგაზეთის შეკითხვას ასე პასუხობს:
“ეს არგუმენტად ნამდვილად არ დამჭირვებია. უბრალოდ სამსახურზე ვთქვი, რომ როგორც საჯარო სამსახური ისე ჯარისკაცის სამსახური ნაკურთხიაო-თქო. პატრიარქი ლოცავს სულ ყველას, ჯარისკაცსაც და საჯარო მოსამსახურესაც. კარგია ნაკურთხი რომაა. ამ ვიდეოში იმის თქმას ვცდილობ, რომ საჯარო სამსახური ნაკურთხია. ლეიბორისტმა დეპუტატმა გამოთქვა გულისტკივილი თუ რატომ აიღეს პრემია და მაგ კონტექსტში ვუთხარი, რომ საჯარო სამსახური ნაკურთხია-თქო და იმ ადამიანებმა, რომლებიც ზეგანაკვეთურად მუშაობენ, პრემია რატომ არ უნდა აიღონ? წელიწადში ერთხელ”, – ამბობს იგი.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მოდის სეკულარიზმთან ჰარმონიაში ის ფაქტი, რომ სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი “ნაკურთხს’ იყენებს დისკუსიაში, დეპუტატი ამბობს, რომ იგი ქრისტიანია, მისი ინფორმაციით, ოპონენტიც ქრისტიანია და ამიტომ უთხრა ეს სიტყვები. ამასთან იგი ხაზს უსვამს, რომ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებისა თუ ათეისტების გრძნობები არ შეურაცხყვია.
მისი ინფორმაციით, 193 400 ლარი მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომლის პრემირებაზე გაიხარჯა, ასეთი სულ 150-ია:
“პრემიები გაიცა, შეგროვდა თანხა და გაჭივრბულ ოჯახებს ვუყიდეთ ტექნიკა, სარეცხის მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, ვისაც რა სჭირდებოდა. ამ პრემიების შემდგომ შეგროვდა თანხა და ხალხს დავეხმარეთ”, – განმარტავს იგი.
ნეტგაზეთის კითხვას, ხომ არ ჯობდა, რომ საკუთარი პრემიებიდან დახმარების ნაცვლად ეს თანხა პირდაპირ მიემართათ სოციალურ პროგრამაზე, იგი ამბობს, რომ გურჯაანს უკვე აქვს სოციალური პროგრამები:
“გურჯაანის მუნიციპალიტეტს ისეთი სოციალური პროგრამაა აქვს, რომელიც არავის გააჩნია. ძალიან ბევრი სოციალური სიკეთე გვაქვს. სახელფასო ფონდიდან სოციალურად დაუცველებს გულითაც რომ გინდოდეს ვერ დაეხმარები”.
გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სხდომას ბოლომდე ესწრებოდა, “პატრიარიარქის მიერ ნაკურთხი პრემიების” დისკუსიის შესახებ არაფერი სმენია. ამასთან დღევანდელ სხდომაზე ლეიბორისტ დეპუტატს, რომ რომელმაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე პრემიების გაცემა გააპროტესტდა, “შეახსენეს, რომ იგი დროდადრო თბილისში ჩადის სატაქსაოდ”. აპირებს თუ არა მმართველი გუნდი, რომ გარკვეული რეაგირება იქონიოს იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომაზე ადამიანის დისკრედიტაცია სცადეს მისი სამუშაო ადგილიდან გამომდინარე?
“ეს დისკუსია მოვისმინე, მაგრამ სერიოზული იქ არაფერი ყოფილა, რაღაც ჭორაობის დონეზე იყო. მე არ მინდა ამაზე კომენტარები გავაკეთო. რა თქმა უნდა, ეს არავის დასაძრახი არაა, ზოგი მუშა იქნება, ზოგი ტაქსის მძღოლი, რა პრობლემაა შევიკრიბებით, თუ ვინმეს ზედმეტი მოუვიდა, ვიმსჯელებთ”, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ნეტგაზეთთან საუბარში.
