სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის პირველ სამ კვარტალში ყველაზე მსხვილი პირდაპირი ინვესტიცია რუსეთიდან საქართველოში რეგისტრირებულ 20 კომპანიაში განხორციელდა. მათ შორის არიან: შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველო” (აწარმოებს რძის პროდუქტებს და ყიდის სავაჭრო მარკით – “სოფლის ნობათი” და “ჩუდო”), შპს “კარლსბერგ საქართველო” (აწარმოებს და ამავე სახელწოდების სავაჭრო მარკით ყიდის ლუდს); შპს “ასკანელი ძმები” (აწარმოებს და ყიდის ალკოჰოლურ სასმელებს – ღვინოს, ღვინის მასალებს), შპს “ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკა” (აწარმოებს და ყიდის ჩაის და ხილის ჩირს), შპს “ხვანჭკარა” (აწარმოებს და ყიდის ამავე სახელწოდების ღვინოს), შპს “ფლორეალი” (ვაჭრობს ფარმაცევტული, სამედიცინო, კოსმეტიკური და პარფიუმერული საქონლით მაღაზიებში, სავაჭრო მარკით – “ივ როშე” და “ლუტეცია”), შპს “ემბავუდ ჯორჯია” (აწარმოებს და ყიდის ავეჯს) და ა.შ.
2014 წლის პირველ ცხრა თვეში 765 200 აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა რუსეთიდან საქართველოს ეკონომიკის სასტუმროების და რესტორნების სექტორში. შპს “Club-2100” ერთ-ერთია იმ 20 კომპანიას შორის, რომლებმაც შარშან ყველაზე მსხვილი პირდაპირი რუსული ინვესტიცია მიიღეს რუსეთიდან. კომპანია, რომელიც 2013 წელს რუსული კაპიტალით შეიქმნა, ამავე სახელწოდების სასტუმროს ფლობს გუდაურში. კომპანიის მენეჯერი სოფო ხომასურიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ რუსეთიდან ინვესტირება 2014 წელს სასტუმრო ბიზნესის გასავითარებლად მოხდა:
“2014 წელს მივიღეთ ინვესტიცია რუსეთიდან. სასტუმრო გუდაურში 2013 წელს 6 იანვარს გაიხსნა, მაშინაც რუსული კაპიტალით. ცოტა დროა გასული, რაც ბაზარზე ვართ. კაპიტალდაბანდება ბიზნესის გასავითარებლად კიდევ არის საჭირო”.
“რუსეთიდან ინვესტიციების ზრდის სტატისტიკის დაფიქსირება ხდება ამ ქვეყნის მოქალაქეების მფლობელებაში არსებულ კომპანიების მფლობელების მიერ განხორცილებული რეინვესტიციების ხარჯზე,” – ამბობს სატატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველოს უფროსი ლია ძებისაური. იგი განმარტავს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი კომპონენტი რეინვესტიციაა და “არ არის აუცილებელი, რომ ამ პერიოდში თანხა მაინცდამაინც რუსეთიდან იყოს ჩამორიცხული:
“ის მოგება, რასაც იღებს კომპანია, რომელიც რუსული კაპიტალით შეიქმნა, არის დამფუძნებლის საკუთრება. მას შეუძლია თავისი წილის შესაბამისი დივიდენდი მიიღოს. ის იღებს ამ ფულს და აბრუნებს ისევ წარმოებაში”.
ასე მოხდა, მაგალითად, 2007 წელს დაფუძნებული შპს “ფაბერლიკ საქართველოს” შემთხვევაში, რომლის საქმიანობის სფეროა კონცენტრატებით, არომატიზატორებით, დანამატებით, პარფიუმერული და კოსმეტიკური ნაწარმით, სარეცხი და საწმენდი საშუალებებით, ბავშვთა ტანსაცმლით, ბიჟუტერიით და აქსესუარებით ვაჭრობა.
“ეს არის რუსული კომპანია. დღეს ჩვენ ინვესტირება არ გვჭირდება. 2013 წელთან შედარებით 11%-იან მოგებაზე გავედით. შემოგვაქვს კოსმეტიკა რუსეთიდან და საქართვლოში ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი საშუალო და დაბალი სეგმენტია,” – ამბობს კომპანიის დირექტორი ზაალ ხაზალია “ნეტგაზეთთან” საუბარში.
კომპანია “ბელ ბაუ” მშენებლობის სექტორში საქმიანობს, კერძოდ, აწარმოებს და ყიდის ასფალტს, ინერტულ მასალებს, ქვა-ღორღს, ასევე, აშენებს ხიდებს, გზებს, ესტაკადებს, გვირაბებს და ა.შ. “ფაბერლიკის” მსგავსად, “ბელ-ბაუ” იმ 20 კომპანიას შორისაა, რომლებმაც შარშან ყველაზე მსხვილი პირდაპირი ინვესტიცია მიიღეს რუსეთიდან.
კომპანიის დირექტორი ამირან კიკნაველიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ “ბელ ბაუ” 2006 წელს რუსული კაპიტალით დაფუძნდა:
“ვაშენებთ გზებს. 2006 წელს მოხდა მსხვილი კაპიტალდაბანდება. ვიყიდეთ დანადგარები. 2014 წელს მოვიგეთ მსოფლიო ბანკის 9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი. საქართველოში ბიზნესს ახალი მათავრობა არ ეხება. ვმოქმედებთ თავისუფლად”.
ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობის გაზრდას ასე ხსნის:
“რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში კომერცია პოლიტიკურ მიზნშეწონილობაზე მაღლა იდგა. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები არ შეწყვეტილა არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. 2008 წლის ზაფხულში საქართველოდან რუსეთში ელექტროენარგიის ექსპორტი შეუფერხებლად ხდებოდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთიდან ინვესტიციებს ვერც იქ არსებული ეკონომიკური კრიზისი აჩერებს”.
არჩვაძის თქმით, რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და იგი სოლიდურ ადგილს იკავებს საქართველოსთან ექსპორტ-იმპორტში, განსაკუთრებით ემბარგოს მოხსნის შემდეგ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის სამ კვარტალში რუსეთი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მე-9 ადგილზეა. 2014 წელს ფულადი გზავნილების 40% ამ ქვეყანიდან განხორციელდა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მთლიანი მოცულობის 10%-ია, ხოლო იმპორტი- 6%.
