“ალბათ სხვებიც შეესწარით სტადიონზე მომხდარ ერთ ძალიან ცუდ ფაქტს… თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მეორე იარუსის დაახლოებით 27-29-ე სექტორების შესასვლელთან პოლიციამ სასტიკად ცემა მამაკაცი, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ეჭირა. მამაკაცი ბავშვით ხელში სექტორის შესასვლელ კიბეზე იდგა. ალბათ ეს მისი სექტორი არ იყო, რის გამოც არ უშვებდნენ და ამას მოყვა შელაპარაკება, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, არაფერი ამართლებს იმას, რაც ამის შემდეგ მოხდა. პოლიციელმა მამაკაცს, რომელსაც დაახლოებით 3-4 წლის ბავშვი ხელში ეჭირა, გამეტებით დაარტყა მუშტი. კაცი კიბეზე წაბორძიკდა, მაგრამ შეეცადა ბავშვთან ერთად არ წაქცეულიყო, თუმცა მეორე დარტყმას ვეღარ გაუძლო და ბავშვთან ერთად დაეცა. დაცემულს მივარდა 5, შემდეგ 10, შემდეგ ალბათ 30 შსს-ს თანამშრომელი”, – წერს ურიადმყოფელი და დასძენს, რომ ამის შემდეგ პოლიციელებმა ნაცემი გულშემატკივარი სტადიონიდან წაიყვანეს.
სტადიონზე ინციდენტს ადასტურებენ შსს-ში, თუმცა როგორც ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მოქალაქე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის საფუძველზე: ‘პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ეს იყო დაკავების მიზეზი”.
ზემოხსენებული მუხლის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში ვკითხულობთ: “წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. 1. პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე”.
შსს-ში არ პასუხობენ შეკითხვას, დაიწყო თუ არა მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ სამართალდამცვეების მხრიდან უფლებამოისლების შესაძლო გადამატების საკითხზე.
