“ეს არის ჩვენი სოლიდარობისა და გამბედაობის დემონსტრაცია”, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. მისივე თქმით, ნატოს წინაშეა ახალი უსაფრთხოების გარემო, რომელიც ისეთი არასტაბილურია, როგორც არასდროს, მათ შორის რუსეთის აგრესიის გამო უკრაინაში, ასევე, ძალადობრივი ექსტრემიზმის ზრდის გამო ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
“ასეთ ტურბულენტურ პერიოდში ნატო უნდა მოემზადოს, რათა მოკავშირეები მუქარისაგან დაიცვას”, – განმარტა რასმუსენმა.
ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, როგორც ჰაერში, ასევე მიწასა და ზღვაზე, უწყევტი წარმომადგენლობა შეინარჩუნონ, როტაციის პრინციპით.
ნატო ასევე შეთანხმდა, რომ შექმნას მოწინავე სამხედრო დანაყოფი ალიანსის რეაგირების ძალის ფორმატის ფარგლებში, რომელიც მზადყოფნის მაღალი ხარისხის პირობებში სწრაფად შეძლებს მანევრირებას:
“ეს მოწინავე დანაყოფი მოიცავს რამდენიმე ათას ჯარისკაცს, რომლებიც მზად იქნებიან, რამდენიმე დღის განმავლობაში განთავსდნენ [დანიშნულების ადგილას] საზღვაო, საჰაერო და სპეციალური ძალების დახმარებით”, – განაცხადა რასმუსენმა
ნატოს ლიდერებმა ასევ მხარი დაუჭირეს კიბერშეტევების საწინააღმდეგო პაკეტსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას. საუბარია თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დახმარებაზე, “რათა მოხდეს სტაბილურობის გაძლიერება დიდი საბრძოლო ძალების გამოყენების გარეშე”. ამ პროექტში საქართველო, იორდანია და მოლდოვაც ჩაერთვებიან.
ნატოს მომდევნო სამიტი პოლონეთში გაიმართება.
