“NDI-ის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების გააქტიურების იმედი გამოთქვა და პრემიერი ვაშინგტონში, NDI-ის სათავო ოფისში მიიწვია. როგორც კენეტ ვოლაკმა აღნიშნა, NDI-ის საქართველოს ოფისის ახალი დირექტორი თბილისში ორი თვის ვადაში ჩამოვა”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი საქართველოს მთავრობის მეთაურთან კენეტ ვოლაკის ინიციატივით გაიმართა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ “NDI”-ის კვლევებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება .


“NDI”-ის კვლევებზე უკვე, მე მგონი, აღარ კამათობენ, ასე რომ, მე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომლებიც პირდაპირ ასოცირდება “ნაციონალურ მოძრაობასთან. მინდა დავაკონკრეტო, რომ “NDI”-ის, როგორც ინსტიტუტს, ჩვენ პატივს ვცემთ, მაგრამ ყოველთვის არსებობდა, სამწუხაროდ და საუბედუროდ, კითხვები ადგილობრივი ოფისის მიერ ჩატარებულ და მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ასოცირდება, მე არაერთხელ მითქვამს ეს, “ნაციონალურ მოძრაობასთან”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა, მოსახლეობის შეხედულებების 42 %-თან ყველაზე ახლოს კოალიცია “ქართული ოცნება” დგას. მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობაა, რომლის რეიტინგიც კვლევის მიხედვით 11 პროცენტს შეადგენს. კვლევის მიხედვით, კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგი აპრილის მონაცემებთან შედარებით არ შეცვლილა, მაგრამ პოლიტიკური ლიდერების რეიტინგი დაეცა. მათ შორის თავად ღარიბაშვილისაც. მისი მოწონების პროცენტული მაჩვენებელი – 54%-ია, ამ მონაცემით, მისი რეიტინგი აპრილთან შედარებით 10 პროცენტით დაეცა. ზემოხსენებული კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოების ჩატარების თარიღები: 23 ივლისი – 7 აგვისტო. სულ გამოკითხეს 3,338 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის, მათ შორის ქალაქის, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *