ნეტგაზეთის კითხვას, ჰქონდა თუ არა მას საუბარი სააკაშვილთან, ბოკერიამ უპასუხა, რომ მას პირველწყაროებიდან [ანუ ვარშალომიძესა და სააკაშვილისგან] აქვს ინფორმაცია, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, იმყოფებოდა თუ არა სააკაშვილი საბერძნეთში, ან სად არის ახლა.


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია


“პირველ რიგში, ზოგადად სამარცხვინოა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის ამ სპეკულაციებით დაკავებული საქმის კეთების ნაცვლად და ეს არის ის ძირითადი მიმართულება, რაზეც ენერგიას ხარჯავს. და მეორე, ელჩის საქციელი აბსოლუტურად შეუფერებელია. სამარცხვინოა ამ ტიპის სპეკულაციების გავრცელება,”- ამბობს ბოკერია ნეტგაზეთთან საუბარში.

 

მისი განცხადებით, ყველა ქვეყანას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილის დაკავების სურვილი პოლიტიკური დევნით არის განპირობებული, შესაბამისად, ბოკერია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართვის მიუხედავად – სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს, “ცივილიზებულ სამყაროში [მსგავსი რამ] მოსალოდნელი არ არის.”

 

“ყველასთვის ნათელია, რომ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე. სრული აბსურდია იმის თქმა, რომ ჩვენ კი გადავეცით, მაგრამ შეაფერხეს და არ დააკავეს, ასეთი პროცედურა არ არსებობს. არსებობს პროცედურა, – იწყებს, ან არ იწყებს ესა თუ ის სახელმწიფო გადმოცემას. ასეთი პროცედურა სააკაშვილის შემთხვევაში არ დაწყებულა, არც საბერძნეთში და არც სხვაგან, და არც დაიწყება.”

 

გიგა ბოკერიას ინფორმაციით, სააკაშვილის მომდევნო ვიზიტი შესაძლოა ალბანეთში განხორციელდეს, რომელიც შესაძლოა ოფიციალურ პირებთან შეხვედრითაც დასრულდეს: 

 

“რამდენადაც მე ვიცი, ის ალბანეთში მიემართება და უნდა ჰქონდეს შეხვედრა ოფიციალურ პირებთან.  მას ახლო საქმიანი ურთიერთობა აქვს ალბანეთის პრემიერმინისტრთან და რამდენადაც ვიცი, შეიძლება მასთან შეხვედრაც შედგეს უახლოეს მომავალში.” 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინტერპოლს მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის საბერძნეთის საზღვარზე დაყოვნების საფუძველი ინტერპოლისადმი საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა გახდა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *