შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციამ 5 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი) და 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავა.

 

“ახალგაზრდების ჯგუფი გალაქტიონის ხიდზე ღებავდა ხიდის მოაჯირს, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებაა და კანონით აკრძალულია. სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს მოუწოდეს შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხუთივე პირი დააკავეს. დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს,”- აცხადებს შსს.

 

“დღეს ეს აქცია სიმბოლური იყო, ვინაიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს ფართომასშტაბიანი შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე, დანგრეულია ქალაქები, არის დიდძალი მსხვერპლი. საინტერესოა, რომ უკრაინის დროშის ფერებით მოიხატა ეიფელი, ,,ბიგ ბენი” და მსოფლიო ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობა, მხოლოდ საქართველოში და მოსკოვში არის ეს ქმედება დასჯადი. ვიდეოკადრებში ნათლად სჩანს, რომ ,,თავისუფალი ზონის” მხრიდან არ ჰქონია არანაირ უკანონო მოქმედებას ადგილი, პოლიციელთა მოქმედება, ძალადობა და უხეშობა კი ყოველგვარ საზღვარს სცდება,”- ნათქვამია “თავისუფალი ზონის” ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *