გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ადიგენის რაიონში, სოფელ გორგულის ხიდთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მისსავე მფლობელობაში არსებული სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ვაჟა ნ-ს, 1994 წელს დაბადებულ გიორგი ს-ს, 1989 წელს დაბადებულ ბორის ს-ს და დაჭრა 1992 წელს დაბადებული ბექა ს.
“ვაჟა ნ, გიორგი ს. და ბორის ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ. ბექა ს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,”- აცხადებს შსს.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა და დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. პოლიციის ინფორმაციითვე, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).
