“მე ახლახან ვესაუბრე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და ჩვენ შევთანხმდით, თუ ეს ოდესმე სადავო იყო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ძალადობის გამო რუსეთია პასუხისმგებელი, ახლა ცხადია, რომ რუსეთი ახალისებს ძალადობას, სეპარატისტებს რუსეთი წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს.
რუსეთმა მიზანმიმართულად არაერთგზის დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
რუსეთის ქმედებების გამო, რომელიც მან უკვე განახორციელა, ჩვენ ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ძირითადი სანქციები დავუწესეთ. რუსეთი უკვე ისეა იზოლირებული, როგორიც არ ყოფილა ცივი ომის შემდეგ. კაპიტალი ქრება, რუსეთის ეკონომიკა დაღმავლობას განიცდის. მიმდინარე თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ უფრო მეტ ხარჯებსა და შედგებს გამოიწვევს რუსეთისთვის.
მომდევნო კვირას მე ევროპაში ვიქნები ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინირების მიზნით. ესტონეთში კიდევ ერთხელ დავადასტურებ ურყევ ერთგულებას ჩვენი ნატოელი მოკავშირეების დაცვასთან დაკავშირებით. დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ფოკუსირებას მოვახდენთ იმ დამატებით ნაბიჯებზე, რომლის გადადგმაც ჩვენ შეგვიძლია, რათა ალიანსი ნებისმიერი გამოწვევისათვის იყოს მზად.
ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ჩვენი ალიანსისთვის, რათა გავაგრძელოთ პარტნიორობა უკრაინასთან და მე ველი, რომ გამოვხატო აშშ-ის ურყევი ერთგულება უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ, როდესაც პრეზიდენტ პოროშენკოს ვუმასპინძლებ თეთრ სახლში. ეს მომდევნო თვეში მოხდება”, – განაცხადა ობამამ.
ამ განცხადების შემდეგ ობამას დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობა კონფლიქტში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობაზე, რაც ამ უკანასკნელმა გამორიცხა და თქვა, რომ სამხედრო საშუალებებით ამ კრიზისის გადაწყვეტის გზას ვერ ხედავს, თუმცა ობამამ არ უპასუხა შეკითხვას, რას ფიქრობდა იგი უკრაინაში იარაღის გაგზავნის თაობაზე.
ობამა პრესკონფერენციაზე თავის შესავალ სიტყვაში სამ საკითხს შეეხო- აშშ-ის ეკონომიკას, სირიას და უკრაინას, მოცემული თანმიმდევრობით.

