ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ეს იქნება მცდელობა ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად, რომელიც ყოფილ საბჭოთა ბალტიისპირეთის ქვეყნებში სირთულეებს ქმნის.
ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც მომდევნო კვირასაა ჩანიშნული, რუსეთის საზღვრებთან დივიზიების განლაგებაზე შეთანხმდებიან. რასმუსენი ვარაუდობს, რომ მოსკოვის მხრიდან საპასუხოდ მწვავე რეაქცია მოყვება.
“ახალი სამოქმედო გეგმის მიზანია რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ სრულიად ახალ გარემოში, რომელიც ევროპაში შეიქმნა. ჩვენ გვყავს ნატოს რეაგირების ძალები. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად შეძლოს განლაგება. იმისათვის კი, რომ შევძლოთ რეაგირება, საჭიროა სპეციალური აღჭურვილობის, ბაზებისა და შტაბების წინასწარი განთავსება. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ მომავალში ნატოს ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში უფრო შესამჩნევი გახდეს,” – განაცხადა რასმუსენმა.
“გარდიანი” წერს, რომ პოლონეთმა და ბალტიისპირეთის სამმა სახელმიწიფომ რუსეთის მუქარის გამო შეშფოთება გამოთქვა. მათ ხმაურით გააპროტესტეს მოსკოვის მუქარა და მოითხოვეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებში ნატოს უფრო ძლიერი ჩართულობა.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, ნატოს ბაზების აღმოსავლეთ ევროპაში პერმანენტული განთავსების გეგმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფრანგები, იტალიელები და ესპანელები ეწინააღმდეგებიან, ხოლო ამერიკელები და ბრიტანელები მხარს უჭერენ აღმოსავლეთ ევროპის მოთხოვნებს.
“საქმე იმაშია, რომ ნებისმიერმა პოტენციურმა აგრესორმა უნდა იცოდეს, ნატოს მოკავშირეებზე თავდასხმის გაფიქრების შემთხვევაშიც კი მათ მოუწევთ არა მარტო ამ ქვეყნების ჯარისკაცებთან შეხვედრა, არამედ ნატოს ჯარებთანაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, განაცხადა რასმუსენმა.
