“ახალი კანონის მიღება განპირობებულია იმით, რომ მოხდეს მიგრაციული პროცესების ეფექტური მართვა და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება”, განაცხადა ახალი კანონის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ.
მისივე თქმით, ეს სისტემა ანალოგიურია იმ პირობების, რითიც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში სარგებლობენ.
უვიზო მიმოსვლის უფლება საქართველოში ექნებათ ევროპის, ნატოს, დსთ-სა და პარტნიორი ქვეყნების წარმოამდგენლებს. ქვეყნების ჩამონათვალი 118-დან 94-მდე შემცირდა.
ტაბატაძე ვიზების გაცემის შესახებ ახალ კანონსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “შემცირდა ქვეყნების სია, რომელსაც ცალმხრივად ჰქონდა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. ახალი კანონის თანახმად, ვიზები გაიცემა მხოლოდ საქართველოს საკონსულოებში. საზღვარზე მოხდება გამონაკლის შემთხვევებში ვიზის გაცემა. დამტკიცებულია იმ ქვეყნების სიაც, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ შემოსვლის საშუალება ექნებათ. “
სოსო გიორგაძის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ძველ და ახალ კანონმდებლობას შორის მთავარი სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ ბინადრობის ნებართვის მისაღებად საქართველოში საჭირო გახდა შესაბამისი კატეგორიის ვიზის აღება.
“საქართველოში მიგრაციის პოლიტიკა იქნება ბევრად უფრო მოწესრიგებული, ვიდრე იყო აქამდე. რაც საშუალებას მისცემს სახელმიწფოს, რომ მოახდინოს ადმინისტრირება ზოგადად ამ პროცესის, დაითვალოს შემომსვლელთა რაოდენობა. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა იცოდეს, ქვეყანაში შემომსველელი უცხოელები რა მიზნით მოდიან, რამდენია ტურისტი, რამდენი შემოდის სასწავლებლად, რამდენი – სამუშაოდ”, – აღნიშნა გიორგაძემ.
ახალ კანონში ცვლილებები შევიდა ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელების აღმოჩენასა და მათ მიერ ქვეყნის დატოვების უზრუნველყოფაზეც. კანონის მიხედვით ამ ცვლილებაზე უფლებამოსილი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს სამართლებრივ საკითხთა კოორდინაციის და ხარისხის მართვის განყოფილების უფროსის კოკა ეგიზარიანის განცხადებით, შსს-ს ინიციატივით, შენდება ცენტრი, რომელიც საქართველოში არალეგალურად მცხოვრებ უცხოელთა განთავსებისთვისაა განკუთვნილი.
მუშაობა 6-7 თვის განმავლობაში უცხოელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობდა.
ახალი კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის შსს-ს მიგრაციის სამსახური გამოიტანს გადაწყვეტილებას მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ, პირს მიეცემა შესაძლებლობა ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყნის ტერიტორია 10-დან 30 დღის ვადაში.
ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადის გასვლის შემდეგ, თუ პირი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, მისი იძულებით გაძევების პროცედურა დაიწყება. სწორედ ამ პერიოდში აქვს შსს-ს უფლება დააკავოს და გდაიყვანოს პირი დროებითი განთავსების ცენტრში.
უწყების წარმომადგენლის თქმით, ცვლილება არ ეხება საქართველოში მყოფ იმ პირებს, რომელთაც შესაბამისი ვიზები პირველ სექტემბრამდე აქვთ აღებული.
ტაბატაძის განცხადებით, ახალი კანონის ამოქმედებამ შესაძლოა დამატებითი საკონსულოების გახსნა და საშტატო ერთეულების გაზრდის საჭიროება გამოიწვიოს.
