“დავით სერგეენკო უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ჰუმანიტარული მისიით უკრაინაში გაგზავნოს ექიმთა ჯგუფი, მედიკამენტები, სახარჯი მასალა, ან იზრუნოს საომარი მოქმედებებისას დაზარალებული უკრაინელი პაციენტების ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს უკრაინიდან პაციენტების ჩამოყვანა და საქართველოში მათი მკურნალობა-რეაბილიტირება”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პირველ ეტაპზე საქართველოდან უკრაინაში ჩავა ექიმთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად დაადგენს საჭიროებებს. ამის შემდეგ კი დაზუსტდება, რა სახის დახმარებას გაუწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინას. ექიმთა ჯგუფი უკრაინას მომავალი კვირის დასაწყისში ეწვევა.
რუსეთის შიერ ყირიმის მიერთების შემდეგ, ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში, კონკრეტულად კი ქალაქ დონეცკსა და ლუგანსკში დაიძაბა. პრორუსმა მეამბოხეებმა სახელმწიფო შენობები დაიკავეს და უკრაინის მთავრობა მათ გასანეიტრალებლად დღემდე ატარებს ოპერაციებს. 4-თვიანი ბრძოლის შედეგად 2 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 330 000-ზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა.
