“არანაირი ბუნტი არ დაფიქსირებულა, ამას ხაზგასმით აღვნიშნავ. ასევე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი სპეცრაზმელი მე-6 დაწესებულების ტერიტორიაზე შეყვანილი არ ყოფილა. წუხელ, 01:00 საათზე აღნიშნული დაწესებულების ერთ-ერთ საკანში მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტი მოხდა, შედეგად ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა სიტუაციის განმუხტვისა და თანსაკნელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასჯელაღსურლების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაყვანილ იქნა მე-7 დაწესებულებაში. გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სამინისტრო ყოველ თავის ქმედებაში კანონის უზენაესობას ემორჩილება და, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული”, – განაცხადა პერტაიამ და დასძინა, რომ ზემოხსენებული ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე მტკიცებით, დაწესებულებიდან მხოლოდ ერთი პატიმარი გადაიყვანეს.
წუხელ სასჯელაღსრულების ზემოხსენებულ დაწესებულებასთან პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. რამდენიმე მათგანმა ტელეკომპანიებს- “იმედსა” და რუსთავი 2-ს შენობაში დამატებითი ძალების შეყვანის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა სამინისტროში ადგილზე მხოლოდ პატრულის ეკიპაჟების მობილიზაციას ადასტურებენ:
“პოლიციის რამდენიმე მანქანა მობილიზებული იყო, მაგრამ მათ უფლება არ აქვთ შიგნით შესვლის. შენობის გარეთ ხალხი იყო მისული და პოლიცია იქ იმიტომ, მივიდა, რომ სიტუაცია სტაბილური ყოფილიყო და რამე ექსცესებს არ ჰქონოდა ადგილი”, – აცხადებს პერტაია.
მისივე თქმით, პატიმრებს საკნებში მობილური ტელეფონებით სარგებლობის უფლება არ აქვთ და სამინისტრო სწავლობს, როგორ მოახერხეს მსჯავრდებულებმა ახლობლებთან დაკავშირება.
“ამ საკითხით უკვე დავინტერესდით და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული”.

