“შემოდგომიდან ჩვენ გადავდივართ ე.წ სადისპეტჩერო ტრიაჟის პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ შემთხვევების კლასიფიკაცია მოხდება კატეგორიების მიხედვით. ანუ, გამოძახება შესრულდება არა რიგითობის მიხედვით, არამედ შემთხვევის სიმძიმის მიხედვით,”– ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.
მინისტრის მოადგილის თქმით, შემთხვევის სიმძიმეს სატელეფონო ცენტრის ოპერატორები განსაზღვრავენ, რომლებიც სპეციალურ ტრენინგს გაივლიან.
“კატოგორიებად განსაზღვრას შემთხვევების თვითონ დისპეტჩერები ახორციელებენ, ამისათვის ღრმა სამედიცინო განათლება საჭირო არ არის. ბუნებრივია, რომ საჭიროა და ტარდება კიდეც შესაბამისი ტრენინგი. პირველი და მთავრი კრიტერიუმი გახლავთ პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე. მაგალითად, ისეთი მარტივი შეკითხვა, როგორიც არის, შეუძლია თუ არა საუბარი დაშავებულს, შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად გადაადგილება და რამდენიმე ასეთი მარტივი შეკითხვა უკვე დისპეტჩერს აძლევს იმის საშუალებას, რომ შემთხვევების რანჟირება გააკეთოს,”– თქვა სოფრომაძემ.
ზაზა სოფრომაძის განცხადებით, სასწრაფოს დაგვიანების შემთხვევები გაუმართავ ავტოპარკთან არის დაკავშირებული, რის გამოსასწორებლად წლის ბოლომდე 220 ახალ ავტომანქანას შეიძენენ.
“სახელმწიფომ გადმოიბარა ეს სამსახური გასული წლის დეკემბერში, რეგიონებიდან, მოგეხსენებათ, მანამდე მომსახურეობას მოსახლეობას უწევდა კერძო სადაზღვევო კომპანიები. ამ გადმობარების პროცესში აღმოჩნდა, რომ ავტოპარკის დაახლოებით 80% გამოსული იყო მწყობრიდან და ეს ავტომანქანები ყოველდღიურად საჭიროებენ შეკეთებას. უპირველეს ყოვლისა ამასთან არის დაკავშირებული ის დაგვიანებები, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული, უკვე დამთავრებულია შესაბამისი ტენდერი, შემოდგომიდან პირველი ნაკადი ახალი მანქანებისა უკვე შემოვა საქართველოში, ხოლო მთლიანად, წლის ბოლომდე ავტოპარკი შეივსება 220 ახალი ავტომანქანით,”– განაცხადა მან.
აგვისტოს დასაწყისში სასწრაფოს დაგვიანების გამო პაციენტი ურეკიდან წაიყვანეს ფოთში, სადაც გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ურეკში 70–წუთიანი დაგვიანებით ჩავიდა. მანქანას, რომელიც ურეკს ემსახურება, სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა.
