24 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოტება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო და განაცხადა: “არავინ არ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე საქმის გამოძიებაში ყოფილი პრეზიდენტის ჩართვა, ბადებს ლეგიტიმურ შეშფოთებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მით უფრო, როცა სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა”. 

 

ნეტგაზეთის კითხვას, როგორ დაუსაბუთებენ დასავლეთელ პარტნიორებს, რომ ამჟამად საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან არ გვაქვს, კობახიძე პასუხობს:

 

“პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებას და მოქალაქეებს დავუსაბუთებთ, უფრო სწორად პროკურატურა გასცემს პასუხს, ეს მათი საქმეა. რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებულ პირს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, პირველ რიგში აშშ-ს მიეწოდება ყველა ინფორმაცია და ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი. არსებობს საქმე, რეალური მტკიცებულებები, რეალური სამხილები… ასე რომ, თავად აშშ-ში და ევროპის მოწინავე ქვეყნებში არავის არ აპატიებდა სახელმწიფო ისეთი ტიპის დარღვევებს, რაშიც სააკაშვილს ედება ბრალი. დემოკრატიაზე თუ ვსაუბრობთ, ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს და არავინ უნდა დარჩეს დაუსჯელი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი”, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

 

ნეტგზეთის კითხვას, ცნობილია თუ არა მისთვის, რა რეალური სამხილები დევს საქმეში ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ, იგი პასუხობს:

 

“მე საქმის მასალები არ მინახავს, მაგრამ აქ უნდა იყოს მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტის დასკვნები, იცით, რომ საუბარი იყო გარკვეული მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე კოდუა-პარატკაციშვილის ცნობილი ჩანაწერების დამონტაჟებაზე, რასაც პროკურატურა აცხადებს”.

 

მანანა კობახიძე სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემის ფაქტს ასე აფასებს:

 

“როგორც ვხედავ, საქმე გვაქვს ძალიან მძიმე სისტემურ დანაშაულთან, რომლის ჩადენაც ხდებოდა მაღალი თანამდებობის პირების უშუალო მონაწილეობით, მათი დაკვეთით, ორგანიზებით, სავარაუდოდ სწორედ ეს იკვეთება, რაზეც საბოლოო პასუხი სამართლიანმა სასამართლომ უნდა გასცეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროცესები ძალიან გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება. სამწუხაროდ სააკაშვილის გუნდი ქმნიდა იმგვარ სისტემას, რომელიც ადამიანების დაშიანებაზე, ფიზიკურ ძალადობასა და ბიზნესის წართმევაზე იდგა. 7 ნოემბერი იყო საქართველოს  ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ფაქტი, რომელსაც გამოხმაურება მაშინვე მოყვა საერთაშორისო საზოაგდოებისგან და ძალიან მძიმე შეფასებები იყო, მათ შორის დაზარალდა სახალხო დმაცველი, ათასობით ადმაიანმა მიიღო ზიანი მაშინ. ეს იყო ვანდალური აქტი მშვიდობიანი აქციის დარბევის მიზნით. ასევე ბიზნესის წართმევის და მედიაზე კონტროლის მოპოვების კლასიკური შემთხვევა. არავითარი საერთო არ შეიძლება, რომ ამ საქმეს პოლიტიკურ დევნასთან ჰქონდეს. მე ვიტყოდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ მაღალ პოლიტიკურ თანამდბეობებს იკავებდნენ, სააკაშვილის მეთაურობით, სავარაუდოდ მძიმე დანაშაულებს ჩადიოდნენ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ ხელისუფლება. ამას თავმოყვარე სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს. კანონზე მაღლა ვერავინ დადგება. ერთხელ და სამუდამოდ დაუსჯელობის სინდრომი უნდა დასრულდეს ქვეყანაში”, – აცხადებს დეპუტატი.

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *