“ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ კერძო ხასიათის დავა, რომელიც შემდგომში მასშტაბურ აგრესიაში გადაიზარდა, უფრო მეტად ინციდენტში მონაწილე სომხური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული, ვიდრე ზოგადად ეკლესიის ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელთა შორის, ასევე, იყვნენ ეთნიკურად სომეხი წარმოშობის ადამიანები”.– ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოველმხრივი გამოძიება უნდა აწარმოონ და გამოიკვლიონ ეთნიკური სიძულვილის გავლენა მომხდარ ჯგუფურ ძალადობაზე. არასამთავრობოები საგამოძიებო ორგანოებს დროული გამოძიების ჩატარებას და მისი შედეგების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ. მათივე განცხადებით, საზოგადოებაში არმენოფობიური განწყობებისა და 19 ივლისის ინციდენტის შემდეგ შექმნილი დაძაბული სოციალური გარემოს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პოლიციამ მიიღოს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით:
‘მიგვაჩნია, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო სამართლებრივი რეაგირების პრაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ ბოლო პერიოდში რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების დროს გამოჩნდა, საზოგადოებაში შეუმწყნარებლური განწყობებისა და დამოკიდებულებების გაზრდას უწყობს ხელს და მომავალში მან შესაძლოა რელიგიური და ეთნიკური ხასიათის კონფლიქტების რისკები გააჩინოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში სახელმწიფომ გაიაზროს საკუთარი როლი და ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებითა და ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადებებით აჩვენოს მისი მზადყოფნა დემოკრატიული, უსაფრთხო და შემწყნარებლური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფისთვის. ამ მხრივ, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს არმენოფობიური განწყობების დაძლევასა და მისგან მომდინარე რისკების პრევენციას”.–ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); მედიის განვითარების ფონდი (MDF);საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; იდენტობა; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI); აღმოსავლეთ პარტნიონორობის უმცირესობათა ქსელიც ICICC;
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც 19 ივლისს ეკლესია დაახლოებით 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა, რის შედეგადაც სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 125–ე, ცემის მუხლით დაიწყო. ეპარქია კი მოითხოვს, რომ საქმე როგორც ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაული გამოიძიონ:
