“კონტექსტიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს სათანადო კვალიფიკაციით. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის მიმდინარეობს. თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული თვითმხილველთა გამოკითხვებით, ასევე, ინციდენტის ამსახველის ვიდეომასალის შესწავლით დასტურდება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანაშაულების ჩადენასაც, როგორიც არის ხულიგნობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯანმრთელობის დაზიანება თუ სხვა. ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა საგამოძიებო ორგანოებმა ზედმიწევნით სრულად მოიძიონ ინციდენტთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის ისეთი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ზემოაღნიშნული დანაშაულების ეთნიკური მოტივით ჩადენის ფაქტზე”.– ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სასამართლოში საქმის წარმართვის შემთხვევაში მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებების საფუძველზე იქნება მოსამართლე უფლებამოსილი, სასჯელის დანიშვნისას გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53–ე მუხლის 31–ე ქვეპუნქტი. რომლის თანახმადაც, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის დროს სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ეთნიკური ან სხვა დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას.
“იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არსებობს ეთნიკური და რელიგიური შეუწყნარებლობის ფონი, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, დამაჯერებლად და ამომწურავად გაეცეს პასუხი 19 ივნისს თბილისის „სურბ ეჩმიაძინის“ ეკლესიის ეზოში მომხდარ ინციდენტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ურთიერთშეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური გამოხმაურება, რაც ამ ინციდენტს სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში მოჰყვა, საგანგაშოა და აუცილებელია ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მედიამ ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში შეუწყნარებლობის ახალი ტალღის აგორება”.– ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც 19 ივლისს ეკლესიას დაახლოებით 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა, რის შედეგადაც სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 125–ე, ცემის მუხლით დაიწყო. ეპარქია კი მოითხოვს, რომ საქმე როგორც ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაული გამოიძიონ:
“ჩვენთვის მნშვნელოვანია, რომ გამოძიება თავიდანვე სწორად იყოს წარმართული. მომავალში რა იქნება, სხვა საკითხია, როდესაც კონკრეტული ფაქტები გვაქვს და ვიდეოც ვაჩვენეთ, როდესაც ამდენი მოწმეა, რომლებიც ამბობენ, რომ ეთნიკური ნიშნით იგინებოდნენ ადამიანები და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც ცდილობს ყველანაირად ეს არ იყოს აღნიშნული, ეს მიუღებელია”.– ამბობს ეპარქიის წარმომადგენელი ლევონ ისახანიანი.
საგამოძიებო უწყების განცხადებით კი, მართალია, გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების პროცესში შესაძლებელია მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
