გარემოსდაცვითი ორგანიზაციის დირექტორის შეფასებით, გოგალაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება პრემიერ -მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუსაბუთებია, შესაბამისად, რა ვერ გააკეთა ხათუნა გოგალაძემ, საზოგადოებას არ მოუსმენია. მისივე განცხადებით, საკადრო ცვლილება “ხუდონჰესის” მშენებლობის და სხვა საკითხების მიმართ უკვე ყოფილი მინისტრის პრინციპულ დამოკიდებულებას უკავშირდება:
“ხუდონჰესთან მიმართებაში სამინისტრო შეეცადა ცივილიზებულ და ევროპაში მიღებულ ჩარჩოში მოექციათ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მაგალითად, ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიის მოწვევა, წინასწარი შეფასებები გაცემა, გარდა ამისა სხვა ჰესებთან მიმართებაშიც იყო პრობლემები, რომლებიც ასე თუ ისე იხილებოდა”– ამბობს ქოჩლაძე.
მისივე შეფასებით, ხათუნა გოგალაძე დაუძლურებული და ფუნქციადაკარგული უწყების გაძლიერებას და აღდგენას ცდილობდა, რაც პირველად საქართველოს ისტორიაში ტყის სტრატეგიის დაწერასა და მისი განხორციელების დაწყებაში გამოიხატა:
“მე მგონია, ეს ცვლილებებები დაკავშირებულია იმასთან, რომ სამინისტრო ცდილობდა გარკვეულ გადაწყვეტილებებისას ყოფილიყო პრინციპული და დაეცვა გარემოსდაცვითი ინტერესები, შესაბამისად, ეს ინტერესები დღევანდელ მეინსტრიმში გამოიყურება იმ მიმართულებით, რომ ეკონომიკურად უნდა გავძლიერდეთ. სამწუხაროდ, გაჩნდა ისეთივე ტენდენციები, რაც იყო სააკაშვილის მმართველობაში, რომ ჯერ აცხადებენ პროექტს და მერე იწყებენ ამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლას. იგივე ანაკლიის პორტი, ჩვენ ამას ლაზიკას დავარქმევთ თუ ანაკლიას დავარქმევთ მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ საზოგადოებას არ გვინახავს კონცეფცია, წინასწარი შეფასება, რა დაუჯდება ეს გარემოს”.
მანანა ქოჩლაძე უარყოფითად აფასებს გარემოსდაცვის მინისტრად ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის დანიშვნას. ქოჩლაძე ხაზს უსვამს, რომ მომავალი მინისტრი პროფესიით ეკონომისტია და იგი გარემოს სათანადოდ ვერ დაიცავს:
“ეკონომისტის ადგილი არ არის გარემოსდაცვის სამინისტროში იმიტომ, რომ გარემოს დაცვას ჭირდება ადამიანი, რომელსაც ესმის ბუნებრივი რესურსების მართვა და გარემოს დაცვა და მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ხანმოკლე ეკონომიკური ინტერესების პროექტებს და დაასაბუთოს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება წამგებიანი. ეკონომიკურ მოდელებში, არ ვლაპარაკობ გარემოსდაცვით ეკონომისტებზე, რომლებიც საქართველოში რამდენიმეა და არც ერთი მინისტრის თანამდებობაზე არ მუშაობს, ეკონომისტებს არ აქვთ ასეთი ცოდნა და, შესაბამისად, არ და ვერ დაიცავენ გარემოს, იმიტომ, რომ მათ ღირებულებათა სხვა სისტემა აქვთ. მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხათუნა გოგალაძის პოზიციასთან ხუდონჰესთან მიმართებაში”
გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. როგორც მანანა ქოჩლაძე განმარტავს, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანამ სხვადასხვა ინსტრუმენტი უნდა დანერგოს, ეს ცვლილება კი უარყოფითად აისახება ამ პროცესზე.
“ნებისმიერი ახალი მინისტრი, რომელიც მოდის განსაკუთრებით სექტორში გაურკვევევლი, ის თუ ჭკვიანია, ცდილობს ჯერ სექტორში გაერკვეს და ამაში ეხარჯება დრო, თუ არ არის ჭკვიანი, ის პირდაპირ იწყებს რეფორმას. ორივე შემთხვევაში ეს ძალიან წამგებინი სიტუაციაა. ჩვენთან რატომღაც ჰგონიათ, რომ გარემოს დაცვა შეუძლიათ ყველას, იმიტომ, რომ ძირითადად საქართველოში გარემოს დაცვა იგივდება ხეების დარგვასთან. გარემოს დაცვა არ არის ხეების დარგვა, გარემოს დაცვა არის ისეთივე რთული მაკროეკონომიკური საკითხი, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ამას ჭირდება ადამიანი, ვინც ამ სისტემას ძალიან კარგად იცნობს, ეს არის პრობლემა, თორემ შეიძლება ახალი მინისტრი უკეთესი იყოს 3 წლის შემდეგ, მაგრამ ეს ხომ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ დღეს ფაქტია, მოვიდა ადამიანი, რომელმაც დრო უნდა დაკარგოს სისტემაში გარკვევისთვის”.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ივლისს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან 7 მინისტრი გათავისუფლდა.
“ჩვენ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ, სხვა ტემპებია საჭირო, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები. მთავრობის საქმიანობაში შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მთავარია მოხდეს ამ ხარვეზების დროული გამოვლენა და დროული ცვლილება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ეს საკითხი მათ გუშინ კოალიციის პოლიტსაბჭოზე განიხილეს, სადაც მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოიწონა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი მინისტრების ვინაობა ხვალ, ან ზეგ გახდება ცნობილი. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დევნილთა სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს შეცვლის.
