საგამოძიებო უწყების განცხადებით, მართალია, გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების პროცესში შესაძლებელია მუხლი გადაკვალიფიცირდეს.  

 

“გამოძიება მიმდინარეობს ამ ეტაპზე, თუ მსგავსი ბრალეულობა გამოიკვეთა, საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება. ეთნიკური ნიშნით მოტივირებულ დანაშაულს ამ ეტაპზე ვამბობთ, რომ ადგილი არ ჰქონია. მიზეზი გახდა არა ეთნიკური დაპირისპირება, არამედ მანქანის დაყენება”.–აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

 

როგორც ეპარქიის წარმომადგენელი ლევონ ისახანიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს იგივე პასუხი მიიღეს ეპარქიაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მუხლის შესაძლო შეცვალსთან დაკავშირებით:

 

“ჩვენთვის მნშვნელოვანია, რომ გამოძიება თავიდანვე სწორად იყოს წარმართული. მომავალში რა იქნება, სხვა საკითხია, როდესაც კონკრეტული ფაქტები გვაქვს და ვიდეოც ვაჩვენეთ, როდესაც ამდენი მოწმეა, რომლებიც ამბობენ, რომ ეთნიკური ნიშნით იგინებოდნენ ადამიანები და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც ცდილობს ყველანაირად ეს არ იყოს აღნიშნული, ეს  მიუღებელია”.

 

მართალია, კონფლიქტი თავდაპირველად მართლაც მანქანის დაყენების გამო დაიწყო, თუმცა კონფლიქტის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადებით, დაახლოებით 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა ეკლესიას, გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თავდასხმის შედეგად სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები, ერთ მღვდელმსახურს კი ჩამოსწყვიტეს ჯვარი და თან წაიღეს. 

 

სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე, ცემის მუხლი, რომელიც განმარტებულია როგორც  ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.


ხოლო მუხლი, რომლის მიხედვითაც გამოძიების დაწყება სამართლიანად მიაჩნია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიას, განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც ჩადენილია ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება ჩადენილია ძალადობის გამოყენებით ან მუქარით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ხოლო თუ დანაშაული ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ,  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *