“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. პარტიის ინფორმაციითვე, ნუგზარ მკალავიშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხოლო მერაბ გადაბაძე კვლავაც დაკავებულია. პოლიციის მიერ ენმ-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მერაბ გადაბაძე დაკავებულ იქნა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებით, თუმცა თავად გადაბაძე ამ ფაქტს უარყოფს. დაკავებულის ოჯახის წევრები მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკონტაქტებიან და როგორც მათ პარტიის წარმომადგენლებს განუცხადეს, სამართალდამცავების მხრიდან იყო მუქარა სიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით, თუკი ისინი საჯაროდ გააკეთებდნენ კომენტარებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული დაკავება მოხდა პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით. „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღნიშნული ფაქტის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა უწყებათაშორის კომისიას. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ორივე პიროვნება გათავისუფლებულია”. – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, ISFED- ის განცხადებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთშია (41%). რაც შეეხება დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებს, თბილისში ამომრჩეველთა 27%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო მცხეთაში – 36%-მა, გორში – 30%-მა და რუსთავში – 27%-მა.
თუ 12:00 საათისთვის თვითმმართველ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილი იყო პირველი ტურის 12:00 საათიან აქტივობასთან შედარებით, 17:00 საათისთვის თბილისის, მცხეთის და რუსთავის თვითმმართველ ქალაქებში აქტივობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე 15 ივნისის არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა.
