“მე პირველივე დღეს ვიცი, რა გადაწყვეტილებებსაც მივიღებ, ეს იქნება ის, რასაც მე ყველაზე მეტად მთხოვდნენ ამომრჩევლები, ის, რომ მერიის სისტემა იყოს ღია და გამჭვირვალე და თითოეული მოქალაქის ხმა ისმოდეს და იყოს ხელმისაწვდომი. პირველივე დღეს გამგებლებისთვის და მერიის სისტემაში დამტკიცდება მოქალაქეთა მიღების წესი. ეს წესი ჩვენ უკვე მოვამზადეთ, მაგიდაზე მიდევს და როგორც კი შევძლებთ, ეს წესი იქნება ხელმოწერილი. ყველა გამგებელს ექნება მოქალაქეთა მიღების დღე, ისევე, როგორც თბილისის მერს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

მისი თქმით, ქალაქს მისი და მისი გუნდის ხელი ძალიან მალე დაეტყობა:

 

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში გავაკეთოთ ის, რასაც დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, ამიტომ ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, პირველი რამდენიმე დღე იქნება მოსამზადებელი იმისათვის, რომ ის ძირითადი საკითხები, რაც მერიაში მუშაობის დაწყებასთან არის დაკავშირებული და ჩვენი პროგრამის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული, ეს ყველაფერი მოვამზადოთ და შემდგომ დავიწყოთ უკვე ყოველდღიურ რეჟიმში აქტიური მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ძალიან მალე ნახავს ჩემი და ჩვენი გუნდის ხელს და ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დედაქალაქში არსებობს, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სასიკეთოდ შეიცვლება”

 

ნარმანია მერიაში სტრუქტურულ ცვლილებებს არ გამორიცხავს, რაც შეეხება კადრებს, მისი თქმით, ყველა პროფესიონალი კადრი გააგრძელებს მუშაობას:

 

“მაგრამ ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიდნენ მუშაობაში წლების განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც გაფორმებული იყვნენ სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოებში, სხვადასხვა უწყებებში და იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დატვირთული ადამიანები და არ აკეთებდნენ საქმეს, ასეთი ადამიანების ადგილი თბილისის მერიაში ვერ იქნება და ეს მე შემიძლია ძალიან მკაცრად ვთქვა”, – აღნიშნა ნარმანიამ.

 

დავით ნარმანიამ ყველა მოქალაქეს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადაუხადა:

 

“მე მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს, რომლებიც, პირველ რიგში, მეორე ტურში გამარჯვებულები გახდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქალაქებში. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც განსაკუთრებულად იაქტიურა, რომელმაც დაგვიჭირა მხარი, არა მარტო მე, არამედ ჩვენს გუნდს და მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ეკადრება, თბილისს ეკადრება და თითოეულ თბილისელს ეკადრება”

 

ცესკომ წინასწარი შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც დავით ნარმანია იმარჯვებს.

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *