“დღეს, 11 ივლისს, მოსახლეობის მსოფლიო დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდი სრულად უჭერს მხარს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც დაეხმარება მსოფლიოს ახალგაზრდებს თავიანთი მისწრაფებების განხორციელებაში. ქვეყნის წარმატებულ მომავალს დიდწილად განაპირობებს მოსახლეობის მდგრადი განვითარება, რაც წარმოუდგენელია ახალგაზრდებში ინვესტირების გარეშე. ისინი წარმოადგენენ მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს და სამართლიანად იმსახურებენ თანასწორ მოპყრობას,”- წერია გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ბაბატუნდე ოსოტიმეჰინის სპეციალურ გზავნილში.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში 1.8 მილიარდი 10-24 წლის ახალგაზრდა ცხოვრობს.
“ისინი განსაზღვრავენ თავიანთი ქვეყნების სოციალურ თუ ეკონომიკურ რეალობას, ღირებულებებს და ნორმებს და ქმნიან მომავლის საფუძველს. ახალგაზრდებში ინვესტირება და მათი უფლებების დაცვა არა მარტო ახალგაზრდებისთვისაა სასარგებლო, არამედ საზოგადოების მდგრადი განვითარების საფუძველია. მილიონობით ახალგაზრდისთვის, განსაკუთრებით გოგონებისათვის, მთელს მსოფლიოში მთავარ გამოწვევად რჩება ადრეული ქორწინება, რომელიც მათ დაუცველს ხდის: მილიონობით გოგონა იძულებულია იმყოფებოდეს არასასურველ ქორწინებაში, ან ჰქონდეს არასასურველი სქესობრივი კავშირები, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ადრეული ქორწინება იწვევს არასასურველი ორსულობის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკებს, მათ შორის აივ ინფექციის. გარდა ამისა, მოზარდობის ასაკში ორსულობა ზრდის დედათა სიკვდილიანობის და მშობიარობასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის საფრთხეებს,”-წერია გაეროს მოსახლეობის ფონდის განცხადებაში.
ლელა ბაქრაძის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, “აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – არსებული მონაცემებით საქართველოში მცხოვრები ქალების 17% დაქორწინდა 18 წლის შესრულებამდე.
“ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი მოზარდი გოგონები გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. საზოგადოებისა და მთავრობის მოვალეობაა მეტი ყურადღება დავუთმოთ ახალგაზრდების განათლებას, ჯანმრთელობის დაცვას, მათ კეთილდღეობას და ამ მიზნით საჭირო რესურსების მოძიებას. მხოლოდ განათლებულ და ჯანმრთელ გოგონებს ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი პოტენციალი, იყოლიონ ჯანმრთელი შვილები, ჰქონდეთ ჰარმონიული ოჯახი და სასურველი პროფესია, იყვნენ სასიკეთო ცვლილებების მომტანი ძალა თავიანთი ოჯახის, საზოგადოების და მომავალი თაობებისათვის.”
მოსახლეობის მსოფლიო დღის მთავარი თემა ახალგაზრდებში ინვესტიციაა. ამ დღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით საქართველოში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად გაიმართება დისკუსია, სადაც განხილული იქნება ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული ისეთი თემები, როგორიცა: ახალგაზრდების განვითარების შესაძლებლობების გაზრდა, ახალგაზრდების განათლება, ახალგაზრდა გოგონების უფლებების გაძლიერება ადრეული ქორწინების პრევენციისათვის და ა.შ.
