ტელეკომპანია “რუსთავი 2″– ისთვის მიცემულ ინტერვიში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით ყველანაირი იურიდიული პროცედურა დაირღვა. 


“2 დღით ადრე სასამართლომ თქვა, რომ არ არსებობს არც ერთი გარემოება მისი დაკავების, მე იურისტი ვარ და ეს იურიდიული მეცნიერებების “ანი და ბანია”, 48 საათში თუ არაფერი არ შეიცვალა, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე, იმავე დონის სასამართლო ვერ გააუქმებს. ყველანაირი იურიდიული პროცედურის დარღვევა მოხდა, მაგრამ ეს ცალკე თემაა”.


სააკაშვილის თქმით, უგულავას მერობის დროს თბილისში ფასადების გარდა ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა: 

 

“თბილისში ძალიან ბევრი რან გაკეთდა და არა მხოლოდ ფასადები, როგორც ამბობენ. წარმოუდგენელი ინფრასტრუქტურული პროექტები, შემოვლითი გზა, რომელიც ახლა გააჩერეს, ეს გზა საცობებიდან განტვირთავს თბილისს, უამრავი სოციალური პროექტი. ვისაც უგულავა არ მოსწონს, მათაც იციან, რომ დაკავების ეს საფუძველი არის ყალბი, უშვებენ იმას, რომ სიყალბით, ძალდატანებით, სიცრუით შეიძლება პოლიტიკური მიზნის მიღწევა. მე დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ უკვე და არც ერთი კარგი მიზანი პოლიტიკაში სიცრუით და სიყალბით არ მიიღწევა. ყოველთვის, ვინც იყენებს სიცრუეს და სიყალბეს, ამთავრებს ძალიან ცუდად და 21–ე საუკუნეში საკმაოდ ჩქარა და ცუდად”. 

 

სააკაშვილმა ასევე გაიხსენა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი. მისი თქმით, ამ დროს  ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის და მოქმედი პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დასაკავებლად უტყუარი დოკუმენტაცია არსებობდა, მაგრამ მან და მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა მათი დაკავების გადაწყვეტილება არ მიიღეს:

 

“2012 წელს პროკურატურაში იყო საქმე რამდენიმე ათეული მილიონის გათეთრების საქმე ივანიშვილსა და ღარიბაშვილზე. ღარიბაშვილზე იყო საქმე საკრედიტო ბარათებზე, რომლის მეშვეობითაც გამოჰქონდათ ფული ყველა კანონმდებლობის დარღვევით, 100%–იანი დასაჭერი საქმე იყო ორივეზე, განსაკუთრებით ღარიბაშვილზე, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა. იყო უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები, მე და მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითი არ დაგვეკარებინა არც ერთისთვის. ივანიშვილი დააჯარიმეს მაშინ 80 მილიონი ლარით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფულით დააჯარიმეს და არავინ მათი თანამდებობის პირებიდან ამაზე ციხეში არ წასულა და მათზე საქმე არ აღძრულა, დაკითხვაც კი არ ყოფილა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უტყუარი მტკიცებულებები არსებობდა. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამ მეთოდებით არ გვებრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან”.–განაცხადა სააკაშვილმა.  

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *