“იმ ფონზე, რაც სამართალდამცავ ორგანოებს და პროკურატურას მის მიმართ ჰქონდათ ნათქვამი, ძალიან გავოცდი და გავოგნდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის გარემოებები, რომლის თაობაზეც ერაერთხელ გაცხადდა, თუ ახლოს არის სინამდვილესთან და ძალიან ბევრი საკითხი, ვეჭვობ, ახლოს არის სინამდვილესთან, და ეს ქმედებები ვიღაცის ჩადენილია, ზუსტად არ ვიცი, ვისი. თუ სამართალდამცავი ორგანოები ეჭვობენ, რომ სწორედ ბატონი გიგის ნამოქმედარია ეს ყველაფერი, მაშინ, კიდევ ვიმეორებ, გასაოცარი არაფერია,”- ამბობს უსუფაშვილი.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ის ისურვებდა, გამოძიება იყოს სწრაფი და ეფექტური, ხოლო მართლმსაჯულება- სამართლიანი და კანონზე დაფუძნებული.
“ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ ფაქტის, ან ამგვარი ფაქტების გარშემო ხდება, ეს არის გარკვეული პოლიტიკური შეფასებები. ეს გარდაუვალია, როდესაც ყოფილ მერს ეხება საქმე. ამ თემებზე მე ნამდვილად არ და ვერ ჩავღრმავდები, იმიტომ, რომ ნებისმიერი სახის ქმდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან აღქმულია როგორც მორიგი საბაბი იმისთვის, რომ მას მიეცეს გარკვეული ხმაურის საფუძველი. მე მემის მისი მეგობრების, თანამოაზრეების, შესაძლოა, თანაპარტნიორების ყველა ამ პროცესში. ისინი არიან შეწუხებულნი, არ არის სასიამოვნო, როდესაც ადამიანი აღმოჩნდება ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ამაზე ჯობია ყველამ, მათ შორის მეც, ვისაც ხელისუფლებასთან მიგვიწვდება ხოლმე ხელი სხვადასხვა დროს, ვიყო უფრო ფრთხილად და უფრო ჭკუით.”
რაც შეეხება გიგი უგულავას ახალ დაკითხვაზე დაბარებისა და ოპონენტების მხრიდან პოლიტიკურ დევნად და ხელოვნურობად შეფასებაზე, დავით უსუფაშვილი ამბობს:
“როდესაც გამოძიება საქმეს აწარმოებს და კონკრეტულ პირებთან აქვს ოპერატიული თუ სხვა სახის საგამოძიებო მოქმდებები, რაღაც გაგებით ეს ყველაფერი ხელოვნურია, იმ გაგებით, რომ დიახ, დაგეგმილია. ჩვენ პროკურატურისგან, სამართალდამცავი ორგანოებისგან ვითხოვთ სწორედ იმას, რომ თუ მათ აქვთ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, სწორედ და კარგად დაგეგმონ ქმედებები იმისთვის, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება. თუ ხელოვნურში ის იგულისხმება, რომ ვიღაცა რაღაცას გეგმავს, მე პირადად კიდევ უფრო მეტს ვითხოვ პროკურატურისგან, რომ კიდევ უფრო უკეთ დაგეგმონ თავიანთი ნაბიჯები.
ასეთ ვითარებაში ერთადერთი სტანდარტია, რომელიც არის უტყუარი – კანონი, და მოქმედებს თუ არა ესა თუ ის საჯარო დაწესებულება კანონის შესაბამისად. ამ საკითხზე თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ეს ცალკე თემაა. მაგრამ დროის თვალსაზრისით, რომ ორი კვირის წინ რომ მომხდარიყო, მაშინ ნაკლები რეაქცია იქნებოდა ვინმეს მხრიდან, ვისაც დღეს აქვს რეაქცია, ან ორი კვირის მერე რომ ყოფილიყო, ნაკლები ექნებოდა – ნუ, ეს არასერიოზული საუბარია. ნებისმიერ დროს ასეთ ამბებს მოჰყვება ხოლმე რეაქცია. აქ რაიმე სიურპრიზები მაინცდამაინც არ ჩანს. მიმდინარეობს პროცესი, რომელიც გუშინ არ დაწყებულა.”
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს სასამართლო [თუ პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს], დააზიანებს თუ არა ეს მმართველი პოლიტიკური კოალიციის იმიჯს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შეფასება ან ვინმესთვის მოწოდება იმისა, რომ იმიჯი არ დაზიანდეს, და “ასე და ასე მოიქეცით, პოლიტიკური დიქტატი იქნებოდა.”
“უნდა შევეგუოთ იმას, რომ საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასამართლოს და რაც არ უნდა განსხვავდებოდეს სასამართლოს ვერდიქტი ვინმეს მოლოდინთან, ინტერესთან, სურვილთან, ემოციურ დამოკიდებულებასთან თუ პრაგმატულ ინტერესთან, უნდა დავამკვიდროთ ეს რეალობა. პროკურატურის მოთხოვნები თუ 100%-ით კმაყოფილდება [და ასეთი გავიარეთ ჩვენ 9 წლის განმავლობაში] და სასამართლოები არანაირი დატვირთვის მქონე აღარ იყვნენ და საპროცესო გარიგებით მთავრდებოდა ყველა საქმე. დღეს ჩვენ ევროპასთან ასოცირებაზე გადავდგით ნაბიჯი, ამ პრეტენზიციას ვაცხადებთ, ამ სტანდარტებით გვინდა ვიცხოვროთ. ამ სტადარტებში ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი სიტყვის თავისუფლებასთან ერთად არის ის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უნარი, რომ მოვითმინოთ, ავიტანოთ ამა თუ იმ პირის ზოგჯერ გამომწვევი მოქმდება, შეურაცხყოფაზე გათვლილი მოქმედება.”
უსუფაშვილმა ოპონენტების ბრალდებაზე, რომ ბიძინა ივანიშივილია ყველა ამ პროცესის მთავარი დამკვეთი, განაცხადა, რომ ოპონენტების გზავნილი მისთვის გასაგებია.
“კარგად მესმის მათი, აწყობილი ცხოვრება დაუნგრია მათ ივანიშვილმა, ყველფაერი, რასაც აკეთებდნენ და არ აკეთებდნენ დღემდე, ეს ყველფაერი ჰქონდათ აწყობილი მათთვის, წარმოუდგენელი შოკი იყო მათთვის ის, რაც მოხდა. ეს ყველაფერი მოახდინა ერთი კონკრეტული პიროვნების მონდომებამ და ის იყო მთვარი როლის მქონე ამ პროცესებში. რას ელით, ეს ხალხი გამოვა და იტყვის, მადლობა, ბატონო ბიძინა ივანიშვილო, რომ გონს მოგვიყვანეთ, დაგვანახეთ სიმართლე, დაგვაბრუნეთ ცხოვრების სწორ გზაზე, ამას იტყვიან? დროდადრო, როდესაც ძალიან უჭირთ ემოციურად, ამოხეთქავს ხოლმე, რომ გვერჩიან და ა.შ. ძალიან მარტივი ამბავია. რთული ისაა, და ამაზე საუბრით არ დავიღლები, რომ ისინი ახერხერბენ ძვირფასი დროის წართმევას ჩემთვის, თქვენთვის, საზოგადოების ნაწილის, და ამაში ისინი საკმაოდ გაწაფული არიან.
თუ ვინმემ ბიუჯეტიდან ფული მოიპარა, ჩემი ჩათვლით, უნდა მოგვეკითხოს ამაზე პასუხი.
მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, კანონის სრული დაცვით, ცივი გონებით, აღელვებისა და ემოციების გარეშე, გაბრაზების, რევანშისტული განწყოებების გარეშე, დაამყარონ ამ ქვეყანაში კანონის დიქტატურა, მივმართავ მოსამართლეებს, თავიანთი სინდისის და კანონის შესაბამისად, გამოიტანონ ყველა გადაწყვეტილება, არა ისეთი, რომელიც მე მომეწონება, უგულავას ეწყინება, ივანიშვილის კითხვას გაუჩენს, თქვენ ვერ გაიგებთ და ა.შ. ეს არაფერი არ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რასაც სინდისი და კანონი კარნახობთ, გამოიტანონ ის გადაწყვეტილება, თუ გვინდა ქვეყანა ავაშენოთ და წინ წავიდეს.”
შეგახსენებთ, რომ უგულავა დღეს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს.
