სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების [ISFED] თავმჯდომარე, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გიგი უგულავასთვის ბრალის წარდგენა წინასაარჩევნო მორატორიუმის დარღვევაა. რაც შეეხება სხვა განსახილველ საკითხებს, ლომჯარიას თქმით, “ჯერჯერობით აქტიური წინასაარჩევნო კამპანია არც ერთ კანდიდატს არ დაუწყია და ის, რომ შეუძლებელია გამარჯვებულის განსაზღვრა, კონკურენციაზე მიუთითებს.”
“გარდა ამისა, ერთ-ერთი პრობლემატურ საკითხად მიგვაჩნია ბათილი ბიულეტენების დიდი რაოდენობა, რაზეც, ვფქირობთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. ველოდებით მოხდეს იმ პრობლემატური უბნების გადათვლა, სადაც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მაღალი იყო,”- ამბობს ლომჯარია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ისინი რამდენიმე საკითხის დაყენებას აპირებენ.
“პირველი იქნება, რა თქმა უნდა, მორატორიუმის დარღვევა გიგი უგულავას დაკითხვაზე და ბრალის წაყენებაზე, მეორე – რომ ზურაბ ჯიბუხიას მეორე ტურის წინ მიეცეს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის საშუალება და გათავისუფლდეს. ასევე გვაინტერესებს, რას ფიქრობს იუსტიციის მინისტრი ისეთი სახის დარღვევებზე, როგორიცაა დავით ნარმანიას დედის ზეწოლა ამომრჩეველზე,”- განუცხადა ჭიაბერაშვილმა მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე.
