რადგან ამჟამად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში, გერმანიაში ცხოვრობთ და ვსწავლობთ, კარგად ვხედავთ სამართლებრივი სახელმწიფოს უპირატესობებს. გვსურს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს და ამ ოჯახის წევრი გახდეს.  

კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია, 27.06.2014
კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია, 27.06.2014

 

აქცია 27 ივნისს კიოლნის უნივერსიტეტის წინ ჩატარდა. კიოლნის უნივერსიტეტი გერმანიაში ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტია, სადაც დაახლოებით 40 000 სტუდენტი სწავლობს. ამ აქციით ასოცირების შესახებ ხელშეკრულების აღნიშვნის და მხარდაჭერის პარალელურად გავაპროტესტეთ რუსული ოკუპაცია და ზოგადად რუსული იმპერიალისტური პოლიტიკა საქართველოს და უკრაინის მიმართ. დაუშვებლად მიგვაჩნია რუსეთის ქმედებები სამაჩაბლოში, აფხაზეთსა თუ აღმოსავლეთ უკრაინაში. აქციას ასევე ესწრებოდნენ უკრაინელი სტუდენტები, რომელთაც ჩვენ კიოლნ-მაიდანიდან ვიცნობთ და ასევე ხშირად ვმდგარვართ კიოლნის ტაძრის წინ მიმდინარე პროუკრაინულ აქციებზე, რათა სოლიდარობა გამოგვეხატა უკრაინელი ხალხის მიმართ. 

 

ჩვენი მიზანი იყო მიგვექცია კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტების ყურადღება და მიგვეწოდებინა მათთვის ობიექტური ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში და უკრაინაში. ბევრს ჰგონია, რომ ევროპის საზღვრები ევროკავშირის საზღვრებით მთავრდება და რაც ამ საზღვრებს მიღმა ხდება, არც ევროპა და არც ევროპას ეხება. შესაბამისად, გვქონდა ტრანსპარანტები: “უკრაინა ევროპაა” და “საქართველო ევროპაა”. ჩვენც ვართ ევროპის ნაწილი და ქართველი სტუდენტები ჩვენს მისიად მივიჩნევთ ვუთხრათ ეს ევროპას და გავაცნოთ ევროპელებს საქართველო, რომელიც საბჭოთა კავშირის “დამსახურებით” 70 წლის განმავლობაში იზოლირებული იყო.

კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია, 27.06.2014
კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია, 27.06.2014

 

კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტებს და დოქტორანტებს გვსურდა ჩვენი სიხარული ამ ისტორიული დღისადმი  როგორმე გამოგვეხატა და გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა აქცია, რომელითაც მხარს დავუჭერდით საქართველოს ევროინტეგრაციას და პარალელურად  გავაპროტესტებდით რუსულ ოკუპაციას. გავაკეთეთ საინფორმაციო ფურცლები, რომლებზეც საქართველოს ევროპული გზის აღწერასთან  ერთად განთავსებული იყო ინფორმაცია საქართველოს მიმართ რუსული, იმპერიალისტური პოლიტიკის შესახებ. ეს საინფორმაციო ფურცლები დავურიგეთ გერმანელ და უცხოელ სტუდენტებს და  ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს. ჩემი აზრით, დღევანდელი დღე ისტორიულია საქართველოსთვის, რადგან კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას და  სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით შევძელით ის, რომ ეს პროცესი გამხდარიყო შეუქცევადი. ისტორია, როგორც წესი, საუკეთესო მასწავლებელია და თუ შევხედავთ იმ დიქტატორულ და ავტორიტარულ ქვეყნებს, რომელებიც ევროკავშირის ალტერნატიული კავშირის – “ევრაზიული კავშირის” სათავესთან დგანან (რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი) ევროპულ კურსს უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს. ჯერ კიდევ პირველი ქართული რესპუბლიკა ცდილობდა გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ეს მისწრაფება 1921 წელს ბოლშევიკებმა დაასამარეს. ოკუპაციის შედეგად საქართველო 70 წლით მოწყდა იმ პროცესებს, რომლებიც ევროპაში ევროკავშირის შექმნით დაგვირგვინდა. ვფიქრობ, რომ ქართველი სტუდენტების მისია საზღვარგარეთ იმაში მდგომარეობს, რომ ევროპელებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და ვუთხრათ, რომ საქართველოც ევროპის ნაწილია. მართალია, არ მდებარეობს შუაგულ ევროპაში მაგრამ ჩვენი კულტურა დაფუძნებულია იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ევროკავშირი დგას. აუცილებელია ჩვენც მივუახლოვდეთ ევროპას და არა მხოლოდ ევროპა – ჩვენ. მე ჩემი ცხოვრება უახლოეს მომავალში ევროპულ საქართველოში წარმომიდგენია, რომელიც იქნება უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ნებისმიერ სხვა ავტორიტეტზე მაღლა კანონის უზენაესობა იქნება დაყენებული. 

 

რაც შეეხება რუსულ ოკუპაციას. ჯერ კიდევ ოქტომბერში გავაპროტესტეთ კიოლნის, ბონის, დუსელდორფის უნივერსიტეტების სტუდენტემა რუსული არმიის მიერ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა. ოკუპაციასთან და ზოგადად რუსულ პოლიტიკასთან მიმართებაში უკვე მოვაწყვეთ საჯარო ლექცია და დისკუსია კიოლნის და დუსელდორფის უნვიერსიტეტებში. ვაპირებთ ჩვენი აქტივობა ამ მიმართულებით გავაგრძელოთ, რადგან აუცილებელია იცოდეს მსოფლიომ, თუ  როგორ ხდება ყოველდღიურ რეჟიმში რუსეთის მიერ  საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა.

კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია, 27.06.2014
კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია, 27.06.2014

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *