პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ 2012 წლის 24 აგვისტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის #8 დაწესებულებაში მიმდინარეობდა ე.წ. კარანტინის მორიგი დაშლა, რაც ფორმალურად გულისხმობდა შესაბამის საკნებში პატიმრების გადანაწილებას.
“სინამდვილეში კი ეს პროცესი, ისევე როგორც სხვა არაერთი „კარანტინის“ დაშლა, ხორციელდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული ერთგვარი „რიტუალით“, რასაც სავალდებულო წესით და ასევე მათ მიერ დადგენილი გარკვეული კრიტერიუმებით თან ახლდა პატიმართა ცემა მათი დამცირებით, პატივისა და ღირსების შელახვით. „კარანტინის“ დაშლას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად „კარანტინის“ დაშლაში მონაწილეობას იღებდა საპყრობილეს დირექტორი დავით ხუჭუა, მისი მოადგილეები- ალექსანდრე ჯანჯღავა და ვიქტორ ყაჭეიშვილი, ასევე, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე საპყრობილის თანამშრომლები: გიორგი კვარაცხელია, მანუჩარ ლომთაძე, მათე ელბაქიძე, დავით მეცხოვრიშვილი და თემურ ჭაჭია.,”- წერია უწყების განცხადებაში.
აღნიშნულმა პირებმა, როგორც პროკურატურა აცხადებს, დაშინების, იძულებისა და რეჟიმისადმი მორჩილების მიზნით პატიმრები ჩააყენეს არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამყოფებდნენ გაუსაძლის მდგომარეობაში.
ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს სასჯელთაშთანთქმის პრინციპითა და ამნისტიის აქტის გამოყენებით, პროკურატურის ინფორმაციით, განესაზღვრათ:
ოლეგ ფაცაციას – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით. ვიქტორ ყაჭეიშვილს – 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადითდა ჯარიმა 2000 ლარი. გაგა მკურნალიძეს – 3 წლით, 4 თვითა და 15დღით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 3000 ლარი. გიორგი კვარაცხელიას – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. თემურ ჭაჭიას – სსკ-ის 376-ე მუხლით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დავითხუჭუას – 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2 000 ლარი. მათე ელბაქიძეს – სსკ-ის 376-ე მუხლით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი.
“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე საქმის ფარგლებში, 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ ცემა-წამების ფაქტებთან დაკავშირებით მთლიანობაში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 16 თანამშრომლის მიმართ,”- წერია პროკურატურის განცხადებაში.
