როგორც ნეტგაზეთს ადგილობრივმა ალექსი არაბულმა განუცხადა, კანარგო ჯორჯიას იმ ტერიტორიის გაბურღვა და აფეთქება სურს ნავთობის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, საიდანაც საგარეჯო წყლით მარაგდება. მისი თქმით, მოსახლეობა შიშობს, რომ აფეთქებებისა და ბურღვის შემთხვევაში წყლის სათავე ან სრულიად დაიკარგება, ან მას აღმოჩენილი ნავთობი შეერევა.

“1996 წელს კანარგო ჯორჯიას ხელშეკრულება აქვს დადებული საქართველოს მთავრობასთან და  ნინოწმინდა-რუსთავი-მანავის ტერიტორიაზე მოიპოვებს ნავთობს. საგარეჯოს რაიონში, სადაც სასმელი წყალი იღებს სათავეს და რომლითაც მთელი რაიონი მარაგდება, ეძებენ ნავთობს. კანარგო ჯორჯიას კომპანია ჰყავს დაქირავებული. ესენი აწარმოებენ სამძებრო სამუშაოებს და ამ პროცესში უნდა მოხდეს აფეთქებები. ამ შემთხვევაში სასმელი წყალი დაიკარგება, ამას აპროტესტებს მოსახლეობა, კეტავს გზას და მოითხოვს, რომ ამ კონრეტულ ადგილას, რამდნეიმე კილომეტრის რადიუსზე სამძებრო სამუშაოები არ ჩატარდეს”, – უთხრა ნეტგაზეთს საგარეჯოს კიდევ ერთმა მკვიდრმა.

 

ალექსი არაბულის მტკიცებით, ამ დროისთვის საგარეჯოში რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. მისი თქმით, თუ პროცესები გაგრძელდება, მიტინგებში მონაწილეობას უფრო მეტი ადამიანი მიიღებს, რადგან ის სათავე, რომლის აფეთქებაც მენავთობეებს სურთ, საგარეჯოში მცხოვრები 14000 ადამიანისთვის წყლის მიღების ერთადერთი წყაროა.

მომიტინგეების ცნობით, ცოტა ხნის წინ მენავთობეებმა თქვეს, რომ იმ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოებს შეწყვეტდნენ, თუმცა დღეს საგარეჯოში ისევ გამოჩნდნენ.

 

“ჩვენ გუშინ გვქონდა გუბერნატორთან [ირაკლი შიოლაშვილი] შეხვედრა, რაღაცებზე შევთანხმდით, მაგრამ არ არის ისეთი პირობა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ანუ ის, რომ წყლის სათავე არ დაგვეკარგოს. ხალხი ამას ხედავს და გამოვიდა სპონტანურად. წყლის დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშე ვართ”, – ამბობს ალექსი არაბული.


კანარგო ჯორჯიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს, კანარგო ჯორჯია განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.


საგარეჯო/ Giorgitab
საგარეჯო/ Giorgitab’s Blog-ის ფოტო

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *