“გუშინ [23 ივნისს] იყო რეზო საყევარიშვილის და ბაია ცანავას შეხვედრა კოლექტივთან. ბაია ცანავამ განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა ლონდონში დამფუძნებლებთან, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაია [ცანავა] გადადის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში”, – უთხრა ნეტგაზეთს “იმედის” საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელმა, პროდუსერმა ჯონი კალანდაძემ.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ცანავას ადგილს საინფორმაციო სამსახურში:
“ის, თუ ვინ, რა პერიოდით და რა შემადგენლობით მოდის ახალი გუნდი, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეს პროცესები 1-ლი ივლისიდან დაიწყება”.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, “იმედში” განიხილვის თემა იყო დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტების, ნათია აბრამიასა და ირაკლი იმნაიშვილის შესაძლო დასაქმება ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტში, თუმცა ნათია აბრამიამ 15 ივნისს ნეტგაზეთს უთხრა, რომ არც ის და არც ირაკლი იმნაიშვილი ამჟამინდელი სამუშაო ადგილის, BBC-ის დატოვებას არ აპირებენ. აბრამიას თქმით, “იმედის” კონტექტსში საუბარი მხოლოდ ტრენინგების კურსების ჩატარებას ეხება.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, “იმედში” გენერალური დირექტორის [რეზეო საყევარიშვილი] და ფინანსური დირექტორის [გიორგი ბახტაძე] შეცვლის საკითხსაც განიხილავდნენ, რომლებმაც საქმიანობა შესაძლოა პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილ კომპანია ჯორჯიან მედიაპროდაქშენ გრუპში გააგრძელონ, თუმცა ჯონი კალანდაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გუშინდელ შეხვედრაზე საკადრო ცვლილებებზე საუბრისა რეზო საყევარიშვილის სახელი და გვარი ნახსენები არ ყოფილა.

