“ჩვენი ინფორმაციით, მთავრობამ მოახდინა ზეწოლა თამარ ჟვანიაზე. მთავრობის მოთხოვნა იყო 12 ივლისი, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება არსებულ წესებსა და პროცედურებს. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სუბიექტს შედეგები გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და მიმდინარეობს ხელახალი გადათვლები. შესაბამისად, შეუძლებელია, 19 ივლისზე ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნოს არჩევნების მეორე ტური. ამ თარიღის ცოდნას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სწორედ გამოცხადებიდან ექნება ყველა მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტს უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობა, რა შესაძლებლობასაც ამ მომენტისთვის სუბიექტები ბიუროკრატიული, საკანონმდებლო ხარვეზების თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და კონკრეტულად მისი თავმჯდომარის მოუქნელი მუშაობის გამო ამ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წინასაარჩევნო პერიოდში მოკლებულნი არიან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თარიღის ცოდნა იმისათვის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაგეგმონ თავიანთი კამპანია. შეუძლებელია, 12 ან 15 ივლისს იყოს მეორე ტური. კატეგორიულად მოვითხოვთ, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ გამოცხადდეს არჩევნების თარიღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნება მორიგი სამწუხარო გარიგება მთავრობასა და ცესკო-ს შორის”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 






უგულავა
უგულავა


ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის”, კერძოდ, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას და აღნიშნავს, რომ “მის მიერ გაკეთებული შეფასებები და მოთხოვნა სცილდება საკანონმდებლო ჩარჩოებს”:


“აქედან გამომდინარე, მივმართავთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომ მეტი კომპეტენცია და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ საარჩევნო საკითხებზე მსჯელობისას და არ შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნა არ წარმოადგენს ცესკოს თავმჯდომარის კომპეტენციას და არ არის დამოკიდებული კომისიის მოქნილობაზე. ცალსახად განვმარტავთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოცხადდება შემაჯამებელი ოქმის მიღების და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ. საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში და, შესაბამისად, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ან მათი განცხადებები ვერ იქონიებს გავლენას ცესკოს გადაწყვეტილებებზე”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *