ფანჯიკიძის განცხადებით, დღეს, 20 ივნისს, საგარეო უწყებას სტუმრად ეწვევა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი. საუბარი სწორედ ამ საკითხს შეეხება. ფანჯიკიძის თქმით, ეს ყველაფერი საჭირო გახდა იმიტომ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გავრცელდა:

 

“მე ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცას ჰქონდა ადგილი, იქ რაღაც პრობლემა იყო”.


მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

 

მისივე თქმით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს 2 თანამშრომელი- კონსული და ვიცე-კონსული აეროპორტში მას შემდეგ მივიდნენ, რაც მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია.


რაც შეეხება იმას, თუ რაზე დაყრნდობით გაავრცელა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საბაჟომ ქართველი დეპუტატები დიდი ოდენობით ფულადი თანხის შესაძლო არადეკლარირების ფაქტზე გააჩერა, მინისტრის თქმით, ეს მაღალი წყაროებიდან მიღებული ცნობა იყო:


“საქართველოს ელჩმა ინფორმაცია ზეპირსიტყვიერად მიიღო და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა ის განცხადება. ამ წუთას გაგაზავნილია ნოტა თხოვნით, რომ უფრო ზუსტად გავერკვეთ იმაში, თუ რა მოხდა, და გარდა ამისა, ჩვენ გვექნება შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან, ყოველივე ამის შემდეგ გაირკვევა, რას ჰქონდა იქ ადგილი”.


ნეტგაზეთის შეკითხვას, რა რეაგირება ექნება საგარეო უწყებას თეიმურაზ შარაშენიძესთან დაკავშირებით, თუ გაირკვევა, რომ გუშინ დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან აზერბაიჯანის შსს-მ ქართველი დეპუტატების აეროპორტში დაკავების ფაქტი უარყო, ფანჯიკიძემ ასე უპასუხა:


“მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს არ გაუკეთებია ისეთი განცხადება, რომელიც ინფორმაციით არ იყო გამყარებული. ვფიქრობ, ის წყარო, რომელმაც მას ეს ინფორმაცია მაიწოდა, სანდო იქნებოდა”.


მინისტრმა არ უპასუხა ნეტგაზეთის კითხვას, კონკრეტულად ვინ მაიწოდა ეს ცნობა შარაშენიძეს აზერბაიჯანში:


“ჩვენ ახლა ორი მიმართულებით გვაქვს მუშაობა. ერთი არის ოფიციალური გზა ბაქოში, მეორეა ასევე ოფიციალური გზა თბილისში. აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებებიდან ველოდებით ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა მოხდა და აქედან გამომდინარე, გთხოვთ დაელოდოთ ამ ინფორმაციის მიღებას”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.


შეგახსენებთ, რომ ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს გუშინ, ბაქოდან თბილისში დაბრუნების დროს პრობლემები შეექმნათ. თავდაპირველად საქართველოში რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ისინი აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს ელექტროშოკების და მილიონი დოლარის შემოტანის მცდელობისთვის. ეს ინფორმაცია ბაქოდანვე სატელეფონო საუბარში ნადირაშვილმა არ დაადასტურა. ამის შემდეგ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში განაცხადა, რომ დეპუტატები ბაქოს აეროპორტში შეაჩერეს. მისი თქმით, მილიონამდე არადეკლარირებული თანხის გადატანის მცდელობისთვის მიმდინარეობდა მოკვლევა და რამდენიმე საათის შემდეგ დეპუტატი აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად გაუშვეს.

 

საღამოს ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქო-თბილისის ავიარეისით დაბრუნდნენ თბილისში. მათი განმარტებით, თავდაპირველად ჯაფარიძეს შეაყოვნეს ბაქოს აეროპორტში, მას დაახლოებით 20 -წუთიანი შემოწმება ჩაუტარეს, რის გამოც რეისზე დააგვიანდათ და შემდეგი რეისის ბილეთები აიღეს. ამის შემდეგ ისევ ქალაქში გავიდნენ აეროპორტიდან ყავის დასალევად, სადაც მათ ტელეფონით აცნობეს, რომ თბილისში გავრცელდა ინფორმაცია მათი დაკავების თაობაზე. ნადირაშვილის განცხადებით, როდესაც ისინი დაბრუნდნენ აეროპორტში, იქ ნამდვილად შეიქმნა პრობლემები, მათ დეტალური შემოწმება და ჩხრეკა ჩაუტარეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს მოხდა საქართველოს მთავრობის ჩარევის შედეგად. დეტალური შემოწმების შემდეგ დეპუტატები თბილისში გამოფრინდნენ.




Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *