“ბუნებრივია, ლოგიკურად ამაზე უნდა ვიფიქრო, უბრალოდ მე არ მინდა, რომ ისტერიკა მოვაწყო და დაბალი შედეგის შემდეგ ეს განცხადება პირდაპირ გავაკეთო. უახლოეს დღეებში ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შეიკრიბება და ერთად ვიმსჯელებთ. მე პოლიტიკაში 10 წლის წინ მოვედი. სხვადასხვა მთავრობების დროს შემეძლო მაღალი თანამდებობების დაკავება, მაგრამ ფსონი დავდე იმაზე, რომ ყოველთვის, როცა რუსთაველზე თბილისი გამოდიოდა, მათ გვერდით ვმდგარიყავი, არც ერთი დუბინკა, მხუთავი აირი და წყლის ჭავლი არ ამცილებია. თბილისმა ეს შეაფასა 2-პროცენტიანი მხარდაჭერით და სულელი უნდა ვიყო, რომ ამის შემდეგ ვიფიქრო იმაზე, რომ არაფერი შესაცვლელი არ არის”, – განაცხადა რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” კუკავამ, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებში წინასწარი შედეგებით ხმების 1,99 პროცენტი მიიღო.

კუკავას თქმით, მანამდე არასაპარლამენტო ოპოზიცია აპირებს, რომ მიღებული ხმების დასაცავად იბრძოლოს.
