წირვის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ მიულოცა მოსახლეობას აღდგომა და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლესაც გამოეხმაურა. მისი განაცხადებით, ეპისტოლე ბრძნული, საინტერესო და შინაარსიანია:
“როგორც ყოველთვის, პატრიარქს ჰქონდა ძალიან ბრძნული, საინტერესო და შინაარსიანი ეპისტოლე და ჩვენ ყოველთვის გულისყურით უნდა ვუსმენდეთ მის ეპისტოლეს”. – განაცხადა მან.
მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, ნინო ბურჯანაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღდგომას დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. ცოტა ხნით ადრე კი მარგველაშვილის პრესსამსახურმა პრეზიდენტის მილოცვა გაავრცელა:
“გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – უდიდესს ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს დღე გამორჩეული და განსაკუთრებულია. მაცხოვარი ამქვეყნიურ სისუსტეს ამარცხებს სიყვარულითა და სინათლით. ეს ნათელი ცხადყოფს, რომ სიყვარულია ყველაზე აღმატებული ამქვეყნიური ძალა, რომ სიცოცხლე ყოველთვის იმარჯვებს სიკვდილზე, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. ამიტომ არის აღდგომა ჩვენთვის უბრალოდ ისტორიულ სხდომილებაზე მეტი, ჩვენს ინდივიდუალურ შინაგან რეალობაში ამ დღის ხელახალი განცდით ვამარცხებთ ბოროტს და სიცოცხლისკენ, განახლებისკენ, სიკეთისა და სიყვარულისკენ მივმართავთ საკუთარ თავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს და ბედნიერებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს”- ნათქვამია მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 20 აპრილს აღდგომას აღნიშნავ მართლმადიდებელი, კათოლიკე, ევანგელუ-ბაპტისტური და სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს.
