“ველოდებით სამინისტროდან შუამავალს, რომ ჩვენი მოთხოვნები გავაცნოთ. სწავლა ორშაბათიდან განახლდება, თუკი სკოლა გარკვეული პერიოდი დირექტორის გარეშე იფუნქციონირებს, კანონმდებლობით ეს შესაძლებელია. მის მოვალეობას მოადგილეები შეასრულებენ. არ გვინდა, დირექტორად ეკა გახარია დაგვინიშნონ. ამასობაში მარიამ რამინაშვილი [დათხოვნილი დირექტორი] სასამართლოს გზით შეეცდება დაამტკიცოს თავისი სიმართლე. და თუ ის დამნაშავე აღმოჩნდება, მაშინ ახალ დირექტორზე საუბარს შევძლებთ,” – ამბობს თეო მეოტიშვილი, აქციის მონაწილე.
53-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქციები 7 აპრილს დაიწყო, როდესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლის დირექტორი, მარიამ რამინაშვილი დაითხოვა.
მარიამ რამინაშვილი სკოლის დირექტორად 53-ე საჯარო სკოლაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე დაინიშნა. პედაგოგები ეჭვობენ, რომ მისი გათავისუფლება იმიტომ მოხდა, რომ მარიამ რამინაშვილი აღნიშნულ პოსტზე სწორედ მაშინ დაინიშნა, როდესაც მმართველ გუნდში “ნაციონალური მოძრაობა” იყო.
