ოჯახი ეჭვობს, რომ თათუხაშვილის ორგანიზმში პრეპარატი შეიყვანეს, რომელმაც რამდენიმე დღეში მისი გარდაცვალება გამოიწვია.

 

“ის, რომ ჩემს ძმას ეშინოდა დათა ახალაიას ოჯახის, ეს არის ნამდვილად ტყუილი. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩემი ძმა იყო ჩემთან ოჯახში და ჩვენს შორის იყო საუბარი. მან მითხრა, რომ მე მოვაწერე ხელი, რადგან თავზე დამადეს იარაღიო, ყურებთან მესროდნენ იარაღს და მაშინებდნენო. მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მე როგორ არ მოვაწერდი ხელსო, – ეს არის ჩემი ძმის სიტყვები, მაგრამ მათ არ აქვთ ჩემი იმედი, იციან, რომ მე სასამართლოში ვიტყვი სიმართლესო”, – განაცხადა 4 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” შალვა თათუხაშვილის დამ, ნატო თათუხაშვილმა.

 

ამავე გადაცემაში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრისას მათ თათუხაშვილის უეცარ გარდაცვალებაზე ახალი ეჭვი გამოთქვეს:

 

“ოჯახის წევრებს აქვთ ეჭვი ასეთი, რომ შესაძლებელია მას გაუკეთეს რაიმე ისეთი პრეპარატი, რომელიც იმწუთიერი მოქმედებით არ მოქმედებდა და შესაძლებელია რამდენიმე დღეში გამოეწვია მისი გარდაცვალება”, – განაცხადა კოჟორიძემ.

 

ორი ექსპერტიზის დასკვნა და შეუსაბამობები

 

4 აპრილს შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის ორი დასკვნა გამოქვეყნდა. პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ დასკვნაში, რომელიც ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა, შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე.

 

ამავე დასკვნის მიხედვით, ეთილის სპირტის შემცველობამ გარდაცვლილის სისხლში შეადგინა 5 პროცენტი, შარდში ეთილის სპირტის რაოდენობამ 5,63 პროცენტს მიაღწია, ასევე, შალვა თათუხაშვილის სისხლსა და შარდში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ჯგუფის შემდეგი ნივთიერებები – დიაზეპამი, ნორდაზეპამი და ტემაზეპამი.

 

4 აპრილს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, თუმცა ამ დასკვნაში გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი არ არის, რადგან, როგორც ადვოკატი ამბობს, ამ ექსპერტიზით მას სურდა თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზინაბების გამოკვლევა.

 

დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით, თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და არანაკლებ 5-7 დღისაა, ხოლო პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, თათუხაშვილმა დაზიანებები გარდაცვალებამდე 1–2 დღით ადრე მიიღო.

 

ორივე დასკვნის მიხედვით, დაზიანებები თათუხაშვილმა ბლაგვი საგნით მიიღო. ამასთან, სამხარაულის ცენტრის მიერ ექსპერტიზა გვამის გამოკვლევის გზით გაკეთდა, დამოუკიდებელი ექსპერტიზა კი გვამის ფოტომასალის გამოკვლევით.

პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს ალტერნატიულ ექსპერტიზას სწორედ იმის გამოც, რომ მათ დასკვნა მხოლოდ ადვოკატის მიერ მიწოდებული ფოტომასალის გამოკვლევის შედეგად დაწერეს.

 

დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ, რომლის მიერაც დაიწერა ალტერნატიული დასკვნა, პროკურატურის კრიტიკას ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გადაცემა “პოზიციაში” 4 აპრილს უპასუხა:

 

“რასაკვირველია, ვეთანხმები მე პროკურის მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ ჩვენ გვამი არ გამოგვიკვლევია და გვამის გამოკვლევის შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენი დასკვნები იქნებოდა ბევრად კატეგორიული. ის დიაპაზონი ხანდაზმულობის, რაც ჩვენს დასკვნაშია ასახული, ბუნებრივია, არ არის კატეგორიული და არ არის გამორიცხული ის გარემოებაც, რომ ეს ნაჭდევები ყოფილიყო თუნდაც 1, 2, 3 დღის ხანდაზმულობის. ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ გაგვაჩნია ჩვენ, სამწუხაროდ, რადგან გვამი უშუალოდ არ გამოგვიკვლევია”.

 

ექსპერტმა დაზიანებების ბლაგვი საგნით მიყენების თაობაზეც ისაუბრა:

 

“შესაძლებელია თუ არა დაზიანებების მორფოლოგიური სურათის მხედველობაში მიღებით, მიეღო თათუხაშვილს ჩხუბის პირობებში, კერძოდ, ხელკეტის, მუშტის, ფეხის მოქმედების შედეგად? ეს შეკითხვა დაგვისვა ჩვენ ადვოკატმა და იმის გათვალისწინებით, რომ ნაჭდევი, სისხლნაჟღენთი წარმოადგენს ბლაგვი ხასიათის ტრავმას, ბუნებრივია, ჩვენ დასმულ შეკითხვაზე მივეცით პასუხი, რომ ამის გამორიცხვა ჩვენ არ შეგვიძლია, თუმცაღა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ვითარებაში და სხვა გარემოებაში მიეღო დაზიანებები, კერძოდ თათუხაშვილს გარკვეული დამრეცი ზედაპირიდან დაგორებისას სხეულის არაერთჯერადი დაცემით და ა.შ.” – განაცხადა გეჯაძემ.

 

პროკურატურა აცხადებს, რომ დაზიანებების მიღების პერიოდში თათუხაშვილი საკუთარ სახლში, თელეთში იმყოფებოდა. მათი ინფორმაცით, 18 მარტს თათუხაშვილი უკანასკნელად იყო პროკურატურაში. 19 მარტს მისი მობილურიდან გასული ზარი თელეთის ანძამ დააფიქსირა, 21 მარტს მან განცხადება შეიტანა თელეთის პოლიციის განყოფილებაში პირადობის მოწმობის დაკარგვის თაობაზე, 23 მარტს, 16:23 საათზე მისი ზარი ასევე თელეთის ანძამ დააფიქსირა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ამავე დღეს, 23:00 საათზე ის გარდაიცვალა.

“ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გვამზე არსებული მსუბუქი ხარისხის დაზიანებები თეორიულადაც კი დროში არ ემთხვევა მისი პროკურატურაში ყოფნის პერიოდს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

ოჯახის წევრები პროკურატურაში წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ

ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ პროკურატურა თათუხაშვილის როგორც გაუჩინარების, ასევე, დაზიანებებთან დაკავშირებული ვერსიებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

 

შალვა თათუხაშვილის ძმა გიორგი თათუხაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ყვება, რომ იმ დღეს (25 თებერვალს), როდესაც მისი ძმა გაუჩინარდა, მას პროკურატურის წარმომადგენლები ჭიშკართან მანქანით ელოდებოდნენ, ერთი ადამიანი კი ჭიშკრის შიგნით, ეზოში იდგა:

 

“მე სახლში ვიყავი, გვეუბნებოდა – გარეთ არ გამოხვიდეთო. პირველად გავიდა, ეზოს კარები გააღო, მანქანაში ელაპარაკებოდა, მერე მეორედაც გავიდა, ისევ ელაპარაკებოდა თუ არ ვიცი. ნახევარი საათის შემდეგ შემოდიან და რა იქნა თქვენი ძმაო”, – ყვება გიორგი თათუხაშვილი. ოჯახის წევრების განცხადებით, მათ ვერცხლისფერი მანქანის ნომერიც დაიმახსოვრეს – BAM – 577.

 

ოჯახის წევრების განცხადებით, თათუხაშვილი სახლს ჩუმად ვერც კარიდან და ვერც ფანჯრიდან ვერ დატოვებდა, რადგან ეზოს ორივე ჭიშკარი და სახლის ორივე შესასვლელი კარი ერთმანეთის გვერდითაა და თუკი დაცვის წევრები ერთ კართან იდგნენ, ისინი აუცილებლად დაინახავდნენ მეორე კარიდან გამოსულ შალვა თათუხაშვილს, ხოლო ფანჯრიდან სახლის დატოვების ვერსიას ოჯახის წევრები აბსურდულს უწოდებენ, რადგან პირველი სართულის ყველა ფანჯარას გისოსები აქვს, რომელიც უძრავია და არ იღება. 

 

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ კი 2 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “როგორც გამოძიებიდან დგინდება, იგი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადაძვრა და გაიქცა”.

 

პროკურატურის ვერსიისგან განსხვავებულად აღწერს შალვა თათუხაშვილის მეგობარი გიორგი ასლამაზაშვილი ღამის კლუბში მისი და თათუხაშვილის აყვანის ფაქტსაც. ის ყვება, რომ თათუხაშვილთან სალაპარაკო ჰქონდა, თუმცა დაწესებულებაში მისვლიდან 10 წუთში პოლიცია შევარდა, ისინი იატაკზე დაყარეს და ისე აიყვანეს, როგორც დამნაშავეების დაკავება ხდება სპეცოპერაციისას.

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ჩვენებების თანახმად კი, შალვა თათუხაშვილი 18 მარტს, გამთენიისას დაწესებულებაში პატრულის ორმა თანამშრომელმა შემთხვევით აღმოაჩინა და ვინაიდან ის ოპერატიულად იძებნებოდა შსს  ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის მოწმის დაცვის სამმართველოს მიერ, შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, ასევე, ჩადებულია ორი მოწმის დაკითხვის ოქმი, ესენი არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც თათუხაშვილი ღამის კლუბში აღმოაჩინეს 18 მარტს. აღნიშნული ჩვენების მიხედვით, შალვა თათუხაშვილმა მათ უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც გაიქცა (25 თებერვლიდან) და თვითნებურად მიატოვა დაცვის ღონისძიება, რაც მას დანიშნული ჰქონდა, ტყეში იმალებოდა.

 

გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში, სადაც მდებარეობს თათუხაშვილების საცხოვრებელი სახლი და საიდანაც, გამოძიების მასალების მიხედვით, შალვა თათუხაშვილი გაიქცა 25 თებერვლს, არ არსებობს ტყე, რაზეც ზემოთ აღნიშნულ ჩვენებებშია საუბარი. 

 

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გარდაცვალებამდე თათუხაშვილმა ისინი გააფრთხილა, უსაფრთხოების ზომები მიეღოთ, ამის გამო თელეთში, მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში დღეს სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. მათივე განცხადებით, პროკურატურის მხრიდან ზეწოლა გრძელდება.

როგორც შალვა თათუხაშვილის ძმა, გიორგი თათუხაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მას და მის და–ძმას ერთი ადვოკატი ჰყავთ, პროკურატურამ ისინი დაკითხვაზე ერთდროულად დაიბარა:

“იციან, რომ ერთი ადვოკატი გვყავს, ირაკლი ზაქარეიშვილი, და 4 აპრილს სამივე დედმამიშვილი დაგვიბარეს 12 საათზე, ერთად აპირებდნენ ჩვენ დაკითხვას თუ ცალცალკე? ისევ მიმდინარეობს ოჯახზე ზეწოლა, ვგულისხმობ იმას, რომ იციან, რომ ერთი ადვოკატი გვყავს, ის ადვოკატი სამად როგორ გაიყოფა, უნდა გავჭრათ?” – ამბობს გიორგი თათუხაშვილი. მისივე თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან ჩვენების მიცემაზე, თუ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სხვა მუხლით გაგრძელდება

“ჩვენ პროკურატურას ჩვენებას მივცემთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე აღიძვრება ჩემი ძმის წამების ფაქტზე. ამ შემთხვევაში ჩვენებას მივცემთ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს”, – განაცხადა გიორგი თათუხაშვილმა.

 

საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც. 4 აპრილს ოჯახში იმყოფებოდა უჩა ნანუაშვილი, ის წინასწარი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი აუცილებლად მოამზადებს საქმესთან დაკავშირებით დასკვნას:

 

“ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, რაც წინ უძღოდა ტრაგედიას, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საქმის შესწავლას, ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ, ჩვენ ვისარგებლებთ იმ გარემოებით, იმ ინფორმაციით, რომელიც არის მოწოდებული ოჯახის მხრიდან და ჩვენს დასკვნაში რა თქმა უნდა და ჩვენს დასკვნაში იქნება ასახული ყველა ის ინფორმაცია რომელიც არის ცნობილი ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი დეტალი არ გამოგვრჩეს იმისათვის, რომ სრული სურათი იყოს შექმნილი”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

შალვა თათუხაშვილი 2005-12 წლებში მუშაობდა შსს კონსტუტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვდასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2006 წელს ამავე დეპარტამენტის სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო. პროკურატურის მონაცემებით, სწორედ 2006 წლის 12 იანვარს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის განხორციელებისას ჩაიდინეს დანაშაული კუდ-ის წარმომადგენლებმა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ საქმეზე 24 თებერვალს შალვა თათუხაშვილმა პროკურატურას მისცა ჩვენება, რომლის მიხედვითაც, მისმა ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა მიაყენა ერთ-ერთ დაჭრილს. ამავე ჩვენების მიხედვით, კუდ-ის წარმომადგენლებმა “დახვრიტეს” სამი უიარაღო ადამიანი, ხოლო შემდეგ ინფორმაცია გაავრცელეს ისე, რომ განახორციელეს სპეცოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გასანეიტრალებლად. “ნავთლუღის სპეცოპერაციის” და მასთან დაკავშირებულ ციხის ბუნტის საქმეზე რამდენიმე მაღალჩინოსანსა აქვს ბრალდება წაყენებული, მათ შორის არიან ძმები – დათა და ბაჩო ახალაიები.


პროკურატურის ცნობით, როდესაც თათუხაშვილმა მოწმის დაცვის ღონისძიება მოითხოვა, ეს განპირობებული იყო მისი შიშით, რომ ახალაიების ოჯახისგან მასგან საფრთხე ემუქრებოდა. დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი კი, რომელიც მოგვიანებით შალვა თათუხაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველიც გახდა, დარწმუნებულია, რომ თათუხაშვილზე პროკურატურამ განახორციელა ზეწოლა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მისაღებად.


ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის თქმით, თათუხაშვილს პროკურატურაში სავარაუდოდ არ აწამებდნენ. ეს დასტურდება იმ ვიდეოსათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალებითაც, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, ასევე, შალვა თათუხაშვილის ადვოკატების დაკითხვის ოქმებით, რომლებიც თან ახლდნენ მას 24 თებერვალს პროკურატურის შენობაში დაკითხვის დროს. ნადარეიშვილის თქმით, ეს შესაძლოა მომხდარიყო კონსპირაციულ ბინაში, სადაც თათუხაშვილი ერთი ღამით ჰყავდათ, ან სხვა ადგილზე, სადაც ამას ვიდეოკამერები ვერ დააფიქსირებდა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *