სტრატეგიის პროექტი სხდომაზე წარმოადგინა პრემიერის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თამარ ჩუგოშვილმა. როგორც ჩუგოშვილმა მედიას განუცხადა, ეს არის 7-წლიანი დოკუმუნტი, რომელიც განსაზღვარავს 2014-2020 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროცედურებს.
“ეს დოკუმენტი წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად, სავარაუდოდ, დღეს და მოგვიანებით მთავრობა სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს. ამ სამოქმედო გეგმაში დეტალურად იქნება გაწერილი, რა სამოქმედო ნაბიჯები უნდა გადადგას სხვადასხვა უწყებამ”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის თქმით, სტრატეგიაში ბევრ დეტალზეა საუბარი, მათ შორის ახალი სტრუქტურების შექმნასა და არსებულის გაძლიერებაზე.
“მაგალითად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით, სახალხო დამცველის გაძლიერება და ასე შემდეგ”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა მიმდინარე წლის 13 თებერვალს მოაწყო, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობას მიაჩნია, რომ სამოქმედო გეგმის შექმნით საქართველოში შესაძლებელი იქნება ადამიანის უფლებების დაცვა უფრო ეფექტურად. სამოქმედო გეგმა 2 წელიწადზე, ხოლო ეროვნული სტრატეგია 7 წელზეა გათვლილი.
