კულტურის სამინისტროში 20-მდე საელჩოს წარმომადგენელი 13:00 საათზე მივიდა. მათი შეხვედრა კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ანთიძესთან ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

 

შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, რომ საელჩოების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დასაბუთებაზე დაყრდნობით მისცა სამინისტრომ საყდრისის ტერიტორიაზე RMG-ის წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების ნებართვა.

 

“ჩვენ ვაცნობეთ ჩვენს კოლეგებს იმ არგუმენტების შესახებ, თუ როგორ და რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ყველანი შევთანხმდით იმაზე, რომ ძალიან კომპლექსური პრობლემაა ეს და გასაგებია ჩვენ კოლეგებისთვის, რატომ დასჭირდა ამ გადაწყვეტილებას ერთი წელი”, – განაცხადა მარგიშვილმა.

 

მისი თქმით, მათ საელჩოს წარმომადგენლებთან განიხილეს შესაძლებლობა იმისა, რომ შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საყდრისში სამუშაოების წარმოებას დააკვირდება. ასევე, განიხილავენ იმას, თუ რომელი ექსპერტები ჩაერთვებიან ამ სამუშაო ჯგუფში. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ სამუშაო ჯგუფის შექმნა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. 

 

დღეს ეროვნულ ბიბილითეკაში არქეოლოგებმა და საყდრისის საკითხით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს და მოითხოვეს, რომ ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სპეციალისტები ჩაერთონ საყდრისის საკითხის მონიტორინგში. ამ მოთხოვნას მარგიშვილმა უპასუხა, რომ ჯერ სამინისტრომ უნდა შეათანხმოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებთან, თუ რომელი სპეციალისტები ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში. 

 

ასევე, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოითხოვეს საყდრისის არქეოლოგიურ ძეგლზე დაუშვან არქეოლოგები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ ვითარებას გაეცნობიან. მარგიშვილის განცხადებით, კომპანიასა და კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოს შორის ფორმდება მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც გაირკვევა, თუ რა პერიოდულობით დაუშვებენ ძეგლზე სპეციალისტებს, რომელთა დაზუსტების შემდეგ შესაძლებელი გახდება ობიექტის დათვალიერება. 

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე – გამოაქვეყნებს თუ არა პროაქტიულად საკუთარ ვებგვერდზე RMG-ისთვის მიცემული ნებართვის ასლსა და იმ კვლევას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჩაატარა საყდრისის თემაზე, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სამინისტრო მზადაა ეს დოკუმენტები გამოაქვეყნოს სამუშაო კვირის ბოლოს. 

 

ალექსანდრე მარგიშვილმა და ნიკა ანთიძემ განაცხადეს, რომ საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კომპანია RMG-მ სააგენტოს მონიტორებს ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცა. თუმცა სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტმა საყდრისის ტერიტორიაზე შესვლა მოახერხა და გადაიღო კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ საყდრისის ბორცვი, სადაც არქეოლოგიური ობიექტი მდებარეობს, დაზიანებულია. 

 

შეხვედრა საელჩოების წარმომადგენლებმა კომენტარის გარეშე დატოვეს. სამინისტროს წინ სტუდენტურმა მოძრაობამ “მწვანე მუშტი” აქცია გამართა.

 

14 მარტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კომპანია RMG-ის საყდრისის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების ნებართვა მისცა. სამინისტროს თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კვლევა ჩაატარა, რომლითაც დადგინდა, რომ საყდრისის ოქროს მაღაროს შესახებ მტკიცება შეიცავს ხარვეზებს. 

 

თუმცა 2014 წლის 13 იანვარს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ეწერა, რომ საყდრისში საჭირო იყო არქეოლოგიური კვლევის გაგრძელება, რის გამოც RMG-ს წიაღისეულის მოპოვების ნებართვა არ მიეცა. დოკუმენტს მინისტრი გურამ ოდიშარია აწერდა ხელს. ამის მიუხედავად, საყდრისში არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *