მთავარი პროკურატურის სხვა თანამშრომლებს ჯამურად 3,102,827 ლარი აქვთ მიღებული. მთავარი პროკურატურიდან მიღებული დოკუმენტის მიხედვით ჩანს, რომ გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილეების შემდეგ ყველაზე მეტი ოდენობის პრემია – 53,798 ლარი მიმდინარე წლის 10 თვეში მიუღია თბილისის პროკურორს მაია მწარიაშვილს, რომელმაც სამსახურიდან წასვლაზე განცხადება არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაწერა.
მაღალი პრემია – ათ თვეში 49,125 ლარი მიუღია გივი პაპუაშვილსაც. მას ამ პერიოდში ოლქის პროკურორის თანამდებობა ეკავა. ერთნაირი ოდენობის პრემიები – 47 ათასი ლარი მიღებული აქვთ ოლქის პროკურორებს. აჭარის ყოფილი პროკურორის, ლევან გზირიშვილის საპრემიო შემოსავლებიც მათთან არის გათანაბრებული.
შემდეგ პოზიციებს – 35-35 ათასი ლარით იყოფენ დეპარტამენტის უფროსები, თუმცა ყველა დეპარტამენტის უფროსის მიერ მიღებული პრემია ერთნაირი არ არის, მაგალითად, პრესსამსახურის ყოფილი უფროსის – ხათუნა პაიჭაძის პრემიის გზით მიღებული შემოსავალი მხოლოდ 21 598 ლარია.
ყველაზე მცირე პრემია – 1000 ლარი აფხაზეთის პროკურორს, ანზორ ლაცუზბაიას მიუღია.
გენერალური პროკურორის ხელფასი, ბრძანებულების მიხედვით, 3910 ლარია.
„ბათუმელებმა“ მთავარი პროკურატურიდან გამოითხოვა ინფორმაცია ამ უწყებაში დასაქმებული ყველა მოხელის მიერ მიღებული პრემიების შესახებ. ასევე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, თუ რის საფუძველზე გადაწყდა, ვის რამდენი პრემია უნდა რგებოდა.
მთავარი პროკურატურიდან მიღებული წერილის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ადმინისტრაციული კოდექსი ვრცელდება მაღალი თანამდებობის პირებზე და არ ვრცელდება რიგით მოხელეებზე. აი, რა წერია პროკურატურიდან მიღებულ წერილში:
„რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას პრემიის მიმღებ პირთა პერსონიფიცირებისა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიწოდების თაობაზე – გაცნობებთ, რომ აღნიშნული, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, წარმოადგენს ოფიციალურ ჩანაწერებში მათ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს – ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას ამ ნაწილში დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა“.
პრემიების შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემად მიიჩნევდნენ წინა ხელისუფლების პირობებშიც, თუმცა მაშინ ამ კატეგორიაში გადიოდა მაღალი თანამდებობის პირებისთვის გაცემული პრემიებიც. წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არაერთხელ მიმართა სასამართლოს, დაევალდებულებინა საჯარო სამსახურები გაეცათ პრემიების შესახებ ინფორმაცია, თუმცა სასამართლოს არც ერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილებია.
„ბათუმელები“ აპირებს ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროს პროკურატურისგან ინფორმაციის არასრულად მიღების ფაქტი.

