საუბარია განცხადებაზე, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 17 დეკემბერს ქუთაისის სასამართლოში გააკეთა. მან თქვა, რომ  მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მასზე ზეწოლა განახორციელა, რათა მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეებზე ეთანამშრომლა მათთან.

 

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ციხიდან გაყვანის ფაქტი დაფიქსირებული უნდა იყოს, როგორც ციხის პერიმეტრზე, ისე ქუჩაში არსებულ ვიდეოსათვალთვალო კამერებზე. ვიდეოჩანაწერებს სამინისტროდან უკვე მოითხოვა მერაბიშვილის დაცვის მხარემ, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თუკი გამოძიება დაიწყება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოძიებას გადაეცემა ეს ფირები. პრესსამსახურში 17 დეკემბერს არ უპასუხეს შეკითხვას – გაიყვანეს თუ არა შაბათს გამთენიისას მერაბიშვილი ციხიდან.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს”  18 დეკემებრს განუცხადა, რომ მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიების დაწყება მათი უწყების პრეროგატივა არ არის:

 

“თუ დაიწყო გამოძიება, ესე იგი მოგვმართავენ” .

 

მთავარ პროკურატურას არ დრომდე არ დაუწყია გამოძიება მერაბიშვილის განცხადებაზე – ამის თაობაზე “ნეტგაზეთს” პროკურატურამ განუცხადა 18 დეკემბერს.

 

“ნეტგაზეთმა” ანალოგიური შეკითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ ეს კითხვა პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს უნდა დავუსვათ.  დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოკლვლევა ან გამოძიება – ამ კითხვას შსს-ში არ უპასუხეს.

 

17 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც მერაბიშვილმა ზეწოლის შესახებ გააკეთა განცხადება, ომბუდსმენმა, საიამ, ნაცმოძრაობის ლიდერებმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ ამ საკითხის გამოძიება უნდა დაიწყოს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *