ქვემო ქართლის გუბერნატორი გახდა  გიორგი მღებრიშვილი, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით, არის იურისტი და  მუშაობდა სამართალდაცავ ორგანოებში  სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. “სარგებლობდა მაღალი რეპუტაციით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა მისი წარდგენისას.

 

სამართალდაცავ ორგანოებში მუშაობდა აკაკი მაჭუტაძეც, რომელიც სამცხე -ჯავახეთში გახდა სახელმწიფო რწმუნებული.  ის  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი იყო.  “პატრიოტი და კარგი მენეჯერი”, – ასე დაახასიათა ის პრემიერ-მინისტრმა.

 

სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნული  ლევან შონია მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. “ ჩემი მინისტრობის დროს გამორჩეული სამხარეოს უფროსი იყო, პროფესიით სამართალმცოდნე, მონაწილეობდა საქართველო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს სამეგრელოში და კარგად იცის ამ კუთხის პრობლემები”, -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

ლევან შონია 1999- 2004 წლებში იყო შსს -ს გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების სამსახურის უფროსი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის დაინიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს უფროსად.

იმერეთის გუბერნატორად დანიშნული ზაზა მეფარიშვილი ამ თანამდებობამდე იყო  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითთმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალი უფროსი აკაკი ჩხენკელიც.

 

დღეს ღარიბაშვილმა  ასევე წარადგინა ახალი გუბერნატორები კახეთში –   ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც მანამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –  პარმენ/პაპუნა მარგველიძე, ეკონომისტი,  მცხეთა -მთიანეთში –  ნუგზარ ყიფიანი, პროფესიით რეჟისორი, შიდა ქართლში – ზურაბ რუსიშვილი, საგარეო ეკონომიური ურთიერთობების და მართვის სპეციალისტი, გურიაში – გიორგი ჩხაიძე, ეკონომისტი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *