წელს კონკურსში 75-მა არტისტმა მიიღო მონაწილეობა 170 ნამუშევრით. მეორე ეტაპზე 30 ნამუშევარი გავიდა. ინტერნეტით ხმის მიცემა 9 დეკემბერს დაიწყო და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი შემდეგი ნომინაციებისგან შედგება: წლის სპონსორი; წლის ვებ-გვერდი/ვებ-პორტალი; წლის საუკეთესო ვიდეონამუშევარი; წლის საუკეთესო ივენთი (კონცერტი, დი ჯეი სეტი ან ფესტივალი); წლის საუკეთესო ვენიუ (კლუბი ან საკონცერტო დარბაზი); წლის საუკეთესო ქართველი დი-ჯეი; წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები; წლის საუკეთესო ალბომი; წლის საუკეთესო მუსიკოსი (ელექტრონავტი).
ნომინაციაში გამარჯვებულს, მუსიკის მოყვარულთა გარდა, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
ორგანიზატორების განცხადებით, წელს ცერემონიალის შემდეგ სპეციალური საკონცერტო პროგრამა იქნება (Afterparty), რომელიც Red Bull Music Academy-ის მიერ იქნება ორგანიზებული. მიღწეულია შეთანხმება Cumbo Records-ის არტისტებთან, რომლებიც ახალი პროექტის პრეზენტაციას ელექტრონავტებს დაამთხვევენ. ასევე, დასრულდა მოლაპარაკება საკონცერტო გამოსვლასთან დაკავშირებით პოპულარულ შვედ დი ჯეისა და პროდიუსერთან Axel Boman, რომელიც წლევანდელი საკონცერტო ნაწილის ჰედლაინერი იქნება. საღამოს დახურავს Zurkin-ის დი ჯეი სეტი.
ცერემონიალში საკონცერტო გამოსვლებით ქართველი არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას: გოგი ძოძუაშვილი, Rotkraft, Green Been & Leon, ნიკა და მაქს მაჩაიძეები, მაია დარსმელიძე, Sophie Villy და სხვა. ელექტრონავტებზე მოხვედრა წელს მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.
ელექტრონავტებთან დაკავშირებული პრესკონფერენცია 19 დეკემბერს ჩატარდება, სადაც კატეგორიებში წარდგენილი ნომინანტები გამოცხადდებიან.
ელექტრონავტების პირველი დაჯილდოების ცერემონიალი 2008 ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი დღემდე იგივეა – პოპკულტურის, თანამედროვე, ინოვაციური ფორმების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და მოტივაცია.
ღონისძიების ორგანიზატორია ინოვაციური პოპკულტურის მხარდამჭერი ფონდი “ელექტრონავტი”.
