8 ივლისს 302 400 ცალი კვერცხი შემოვიდა საქართველოში მოლდოვიდან, ხოლო 25 ივლისს – 3 024 000 ცალი კვერცხი. სურსათის უვნებლობის სამსახურში არ იძლევიან ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებმაც აღნიშნული კვერცხი შემოიტანეს საქართველოში.
სურსათის უვნებლობის სამსახური კვერცხის იმპორტის შეჩერების მიზეზად სავალდებულო მარკირებას ასახელებს, ხოლო მეწარმეები ამ ბიზნესში მთავრობის ჩარევაზე საუბრობენ.
თამაზ ირემაძე ხოფის ბაზრობაზე თურქეთიდან იმპორტირებული კვერცხით 2012 წლის დეკემბრიდან ვაჭრობდა:
“ახლა თურქული კვერცხი საქართველოში აღარ შემოდის. ჩემთან იყვნენ ის თურქი მეწარმეები, ვისაც კვერცხი შემოჰქონდა და მითხრეს, რომ ივნისიდან კვერცხის იმპორტზე ნებართვა გახდა საჭირო. ისინი თბილისში გეგმავენ ჩასვლას და ნებართვის აღებას. შემდეგ კი შეიძლება კვერცხის იმპორტი ისევ განაახლონ. თუმცა ახლა ერთი ყუთის ფასი თურქეთში 35–40 დოლარია და ალბათ, საქართველოში შემოტანაც არ უღირთ.”
მეწარმე რევაზ დიასამიძე, რომელსაც აჭარაში მცირე ფერმა აქვს, ამბობს, რომ ბაზარზე კვერცხის დეფიციტი რამდენჯერმე შეიქმნა, რამაც კვერცხის ფასი 32 თეთრამდე გაზარდა:
“ადრე თურქული კვერცხის შემომტანები ძმები ნაკაშიძეები იყვნენ. ახლა აღარ შემოაქვთ. დეფიციტი იყო ბაზარზე, რადგან ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.”
რევაზ დიასამიძე ამბობს, რომ კვერცხის ბაზარზე სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც კვერცხის მარკირება სავალდებულო გახდა:
“მარკირებამდე შემოჰქონდათ ირანული, უკრაინული და თურქული კვერცხი, ეტიკეტების გარეშე. მერე ქართულ კვერცხად ასაღებდნენ და ბაზარი იყო გადაჯერებული. როცა ახალი დადგენილება შემოვიდა, რომ კვერცხს უნდა ჰქონოდა მარკირება, ამან გამოიწვია დეფიციტი. კომპანიები ჩვენთან იმდენ კვერცხს არ აწარმოებდნენ, რამდენსაც ყიდდნენ. ყველამ კარგად იცის, ვინ აწერდა უცხოურ კვერცს თავისი კომპანიის ლოგოს. ახლა ეს აღარ ხდება და ბაზარზე მცირე დეფიციტია, რამაც კვერცხის ფასი 32 თეთრამდე გაიზარდა.”
„პატარძეულის“ მეფრინველეობის ფაბრიკის მფლობელი ოთარ მუჩიაშვილი ამბობს, რომ კვერცხის იმპორტი საქართველოში აგვისტოს პირველი რიცხვებიდან შეჩერდა:
„იმპორტი რომ შეჩერდა, ეს ძალიან კარგია. აგვისტოს პირველი რიცხვებიდან უცხოური კვერცხი აღარ შემოდის. ეს რომ გაგრძელებულიყო, ჩვენი კვერცხი გადასაყრელი უნდა გამხდარიყო. მოვითხოვეთ, იმპორტი არ შემოსულიყო და მთავრობა ჩავაყენეთ საქმის კურსში. მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ეს საკითხი პრემიერის დონეზე გადაწყდა.“
კვერცხის იმპორტის შეჩერებას ეთანხმება კვერცხის მწარმოებელი კომპანია „ალგეთის“ მენეჯმენტიც. კომპანიაში აცხადებენ, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ მეფრინველეობის ფაბრიკებს წაახალისებს და მათ წარმადობას გაზრდის.
კვერცხის იმპორტის შეჩერების საკითხის პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დონეზე გადაწყვეტას უარყოფენ მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურში:
„რას ნიშნავს პრემიერის დონეზე საკითხის გადაწყვეტა? პრემიერი სხვა ფორმით გადაწყვეტილებებს არ იღებს. საკითხები გამოდის მთავრობაზე და მტიცდება ან წყდება პრემიერის სპეციალური განკარგულებით, რომელიც ასევე განთავსდება მთავრობის ვებგვერდზე. პრემიერი ამ სფეროს მეწარმეებს პირადადაც არ შეხვედრია.“
კვერცხის იმპორტის შეჩერების შესახებ ოფიციალური ბრძანება და განკარგულება არ გამოცემულა – აცხადებენ სურსათის უვნებლობის სამსახურში:
„ჩვენს უწყებას კვერცხის იმპორტი არ აუკრძალავს, არანაირი ნორმატიული აქტი არ მიგვიღია. უბრალოდ, იმპორტიორებს სურვილი აღარ აქვთ, რომ კვერცხი შემოიტანონ. კვერცხის მარკირების წესი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 მაისის #90 დადგენილებით („ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“) განისაზღვრა. კვერცხის მარკირება 1 ივნისიდან სავალდებულო გახდა. მწარმოებელ ქვეყანას უნდა დაეტანა წარმოების თარიღი. ამის მერე იმპორტმა იკლო. მოსახლეობა არჩევანს ქართულ კვერცხზე აკეთებს. ეს სუფთა ბიზნესის ამბავია და სურსათის ეროვნული სააგენტო აქ არაფერ შუაშია.“
ადგილობრივ ბაზარზე კვერცხის იმპორტის სეგმენტიდან მოთამაშეების გასვლის შემდეგ, პროდუქტზე ფასი 3–4 თეთრით გაძვირდა. სავაჭრო ქსელში ადგილობრივი, მარკირებული კვერცხის ფასი 29–30 თეთრია.
სუპერმარკეტების მფლობელები ამბობენ, რომ ზაფხულში კვერცხის ფასი საცალო ქსელში 25–26 თეთრი იყო:
”ახლა ადგილობრივ კვერცხზე მოთხოვნა სტაბილურია. არის მცირე დეფიციტი.”
„პატარძეულის“ მეფრინველეობის ფაბრიკის მფლობელი ოთარ მუჩიაშვილი ამბობს, რომ კვერცხის იმპორტის შეჩერების შემდეგ მისი კომპანიის გაყიდვები 100 პროცენტით გაიზარდა:
“ბაზარზე მოთხოვნა არის. მცირე დეფიციტი კი იმიტომ წარმოიშვა, რომ ფაბრიკებს სულადობა ჰყავდა განახევრებული.“
რაც შეეხება ფასს, ოთარ მუჩიაშვილი ამბობს, რომ საცალო ქსელში კვერცხის ფასი 23–24 თეთრია. ფასს მაღაზიები ზრდიან, რადგან მათ არავინ არ აკონტროლებს.
საქართველოს მთავრობამ კვერცხის იმპორტი თავდაპირველად 2006 წელს შეაჩერა და ამის მიზეზად “ფრინველის გრიპის” პრევენცია დაასახელა, თუმცა მოგვიანებით იმპორტი ნაწილობრივ აღდგა, ხოლო სრულად 2010 წელს შეჩერდა. კვერცხის იმპორტზე აკრძალვა 2012 წლის დეკემბერში მოიხსნა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 2013 წლის ორ კვარტალში საქართველოში 16 900 000 ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა.
