როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, სასამართლო რეფორმის გაგრძელებისა და სრულყოფის მიზნით, სასამართლო ხელისუფლების მიერ შემუშავებული იქნა სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც პრიორიტეტული იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის და ეს მიმართულებებია: სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერება, სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესება და სასამართლოს ადმინისტრაციული სისტემის გაუმჯობესება. ამ პრიორიტეტების შესაბამისად უკვე მომზადდა ხუთ საკანონმდებლო აქტში შესატანი ცვლილებები. 

 

კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცედურების დროული დაწყება. 

 

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. კონსტიტუციაში უკვე არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს მოსამართლეების უვადო დანიშვნის სისტემის ამოქმედება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივაც სწორედ ამ პროცედურების დროულად დაწყებას შუწყობს ხელს.

 

კუბლაშვილის განცხადებით, მეორე საკანონდებლო ინიციატივა მოსამართლეთა სოციალური გარანტიების ზრდას უკავშირდება. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, პირველი ინსტანციის მოსამართლის დარიცხული ხელფასი 4000 ლარამდე უნდა გაიზარდოს, გარდა ამისა, კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, უნდა ამოქმედდეს მოსამართლეთა საპენსიო სისტემის ახალი მოდელი.

 

სასამართლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმისწარმოების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს მხოლოდ და მხოლოდ სამოსამართლეო ეთიკის ნორმების დარღვევა. 

 

კონსტანტინე კუბლაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა უკეთ მომზადების მიზნით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების კურსი 10 თვიდან უნდა გაიზარდოს 15 თვემდე. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრები მომავალ კვირას იმსჯელებენ, რის შემდეგაც წარუდგენენ პარლამენტს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *