გამოკითხული უმრავლესობის თქმით, მათ სამუშაოები 20 აგვისტომდე ანუ ქონების გადაცემამდე ადრე დაიწყეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მთავრობის რჩეული 12 სუბიექტიდან უმრავლესობა – 10 კომპანია, მას შემდეგ დარეგისტრირდა, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ 19 ივლისს ბრძანება გამოსცა “სასოფლო-სამეურნეო ტარის წარმოების მომწყობი საწარმეობისთვის წარმოდგენილი განცხადებების შემსწავლელი და შემრჩევი კომისიის” შექმნაზე. ბრძანების გამოცემიდან ზუსტად 11 დღეში შეიქმნა შპს “ახალსოფლის ციტრუსკომბინატი”, რომელსაც 20 აგვისტოს არჩილ ხაბაძემ 1 ლარად სოფელ ახალსოფელში 2616 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა და 5440 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა.
არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით, კომპანიის მფლობელმა, 61 წლის ოთარ გოგიტიძემ, პირველ ნოემბრამდე 10 ტონა წარმადობის ყუთის დამამზადებელი საწარმო უნდა გახსნას, ხოლო პირველ დეკემბრამდე – ხილისა და ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო. სათანადოდ აღჭურვილ საწარმოში ოთარ გოგიტიძეს მინიმუმ 2 თვით 45 მოქალაქის დასაქმება ევალება. ოთარ გოგიტიძემ ორი წლის განმავლობაში 970 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ოთარ გოგიტიძე ასევე ვალდებულია 20 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს პროფილი – ციტრუსის გადაზიდვა-რეალიზაცია.
ოთარ გოგიტიძე თავისი გეგმების შესახებ “ბათუმელებს” 29 აგვისტოს მოუყვა: “შენობას უკვე 42 დღეა ვაშენებთ, 15 სექტემბრამდე ძირს დავასხამთ. 35 ათასამდე ლარია წასული მშენებლობაში. თურქეთში დაკვეთა გვაქვს მიცემული ყუთების (შპონის) დაზგაზე. მანდარინის გადასამუშავებელი დაზგის დაკვეთაც გვაქვს მიცემული, რომელიც საათში 10 ტონას გადაამუშავებს. ასევე უნდა გავაკეთოთ წვენების მინისაამქრო. შენობა დიდია, დიდი ტერიტორიაა. მინისტრის მოადგილე იყო მოსული და გვითხრა, რომ რუსეთის გზა აუცილებლად უნდა გაიხსნას… რუსეთში მე მყავს ხალხი. ჯერჯერობით, ყველაფერი, რომ იტყვიან, 41-ანზე მიდის”.

61 წლის ოთარ გოგიტიძე ამბობს, რომ თავად მანდარინის რეალიზაციის დიდი პრაქტიკა აქვს, მისი დირექტორი – ზური ფუტკარაძე კი მშენებლობის პროცესს ხელმძღვანელობს. კომპანიის დირექტორმა “ბათუმელებს” უთხრა: “უკვე დიდი მშენებლობა მიდის. არავითარი დახმარება ბანკიდან არ გვჭირდება. ვხარჯავთ ჩვენს თანხას, არიან სპონსორები, დამკვეთიც გვყავს უკვე. უკრაინიდან იყვნენ ჩამოსულები და მალე 2000 ტონაზე ხელშეკრულებას გავაფორმებთ”. ორივე მენეჯერი აქტიურად აპირებს მედიასთან თანამშრომლობას.
1 ლარად ქონების გადაცემამდე (20 აგვისტო) რამდენიმე დღით ადრე, კონკრეტულად კი 5-6 აგვისტოს, 4 ისეთი ინდმეწარმე ჩამოყალიბდა, რომლებსაც მოგვიანებით შეხვდა მიწები ქობულეთსა და ხელვაჩაურში. მათ შორის არის 75 წლის ანზორ ქათამაძე. ანზორ ქათამაძეს არჩილ ხაბაძის ბრძანებით სოფელ ზენითში 1 ლარად გადაეცა 405 კვადრატული მეტრი შენობა და 405 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ხელისუფლებამ მასვე დაავალა 5 ტონა წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმოს გაკეთება. ანზორ ქათამაძემ თავის საწარმოში 60 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და მინიმუმ 2 თვით 20 ადამიანი უნდა დაასაქმოს. ანზორ ქათამაძე სკეპტიკურად უყურებს დაწესებულ პირობებს:
“ძალიან ძნელია დახარისხებაში 60 ათასი ლარის ჩადება. ბანკი სესხს არ იძლევა, მაგდენი ფული არ არის და არ ვიცი… ვალდებულებები კი გვაქვს, მაგრამ თავიდან შეგვპირდნენ სესხი იქნება 7 წლით 3-პროცენტიანიო, ეს იქნებაო, ის იქნებაო… მერე გვითხრეს, რომ ბანკს თქვენ მოელაპარაკეთო. ბანკმა – საწყის ბიზნესს არ ვაფინანსებთო. მოითხოვეს ქონების ჩადება. რა ქონება უნდა ჩავდო იმაში, რომ მანდარინი დავახარისხო. ეგ რომ გავუშვა წარმოებაში, 60 ათასი დოლარი ჯდება და ამ ფულს როდის ამოვიღებ მანდარინის დახარისხებით?”
ანზორ ქათამაძის აზრით, მანდარინის დამხარისხებელი საწარმო არავის არაფერში სჭირება: “მარტო შენობა რას მიზამს, თუ ხელშეწყობა არ იქნება, ან ვინ დაახარისხებს, ვის უნდა მაგი?! ყველა სახლში ახარისხებს და ისე ყიდის. რუსეთი გახსნილი რომ იყოს და მე რომ მქონდეს იმის გარანტია, რომ დამზადებულის რეალიზაციას შევძლებ, მაშინ კიდევ შეიძლება. ჯერჯერობით, არაფერი ისეთი არ ჩანს, რომ მაგხელა რისკი გავწიო, მაგხელა ფული ჯერ ერთი არ მაქვს და რომც მქონდეს, მაგ რისკს ვერ გავწევ. ძალიან ვცდილობ, მაგრამ მგონი ტყუილად გადაყრილი ფული იქნება”.
გაცილებით ოპტიმისტურად არის განწყობილი 74 წლის ინდმეწარმე შოთა კიკნაძე: “უკვე მშენებლობა დავიწყეთ, სამშენებლო მასალა უკვე მოგვაქვს, ლენტი უნდა ჩამოვიტანოთ სამ დღეში ნატანებიდან, სასწორი და “პაგრუზჩიკი”. ყოველმხრივ ვეცდებით პირველი ნოემბრისთვის ვიყოთ მზად. თანხის დამატება, ალბათ, მოგვიხდება. 10 ადამიანის დასაქმებას ვაპირებთ”.
შოთა კიკნაძე ამბობს, რომ ძველი პარტნიორები ჰყავს რუსეთში და ამის იმედი აქვს.
“თუ მანდარინის რეალიზაციამ არ გაამართლა, მერე შეიძლება საქმე სხვა რამეზე გადავაკეთოთ და დავასაქმოთ ხალხი”, – ამბობს შოთა კიკნაძე.
შოთა კიკნაძეს სოფელ ახალშენში 324 კვადრატული მეტრი შენობა და 1361 კვადრატული მეტრი მიწა მისცა 1 ლარად არჩილ ხაბაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, სანაცვლოდ შოთა კიკნაძემ 89 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მასვე ევალება 10 მოქალაქის დასაქმება.
მთავრობის ინიციატივას – 1 ლარად გადაეცა ქონება მანდარინის რეალიზაციით დაინტერესებული პირებისათვის, არ გამოხმაურებიან იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ბაზარზე წლებია არსებობენ. მოქმედი ხუთი კომპანიიდან “ბათუმელებმა” შპს “ქობულეთის საკონსერვო ქარხნის” მენეჯერთან – მერაბ არძენაძესთან მოახერხა დაკავშირება. შეკითხვაზე, კომპანიის საქმიანობის გაფართოების მიზნით რატომ არ გამოეხმაურნენ მთავრობის ახალ ინიციატივას, მერაბ არძენაძე ამბობს: “არ გვქონდა სურვილი ჩავრთულიყავით ამ პროცესში. ჩვენი წარმადობა 15 ტონაა. თუ შევძლებთ დიდი ოდენობის გატანას, ისედაც გავიტანთ… ერთ წარმოებაში შეუძლებელია 2-3 და 4 ათასი ტონის გატანა, ამდენად, რამდენი კომპანიაც გაჩნდება ბაზარზე, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და მათთვისაც”.
არსებული ნორმატიული ფასების მიხედვით არჩილ ხაბაძემ სულ ორი მილიონი ლარის ღირებულების მიწები გასცა 1 ლარად.
