მხედრიონის დროშა
მხედრიონის დროშა

როგორც დღეს “ფორ.გე–ს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მხედრიონელებმა განაცხადეს, ამა წლის მაისის თვეში თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტმა პრეზიდენტს გადასცა 36 უგზო–უკვლოდ დაკარგული მებრძოლის სია, რომლებიც 1992 წელს აფხაზეთში, გაგრის დაცემის დროს დაიკარგნენ, თუმცა პრეზიდენტი მათ ვახტან გორგასლის სახელობის ორდენით დაჯილოდოვებისაგან თავს იკავებს, იმიტომ, რომ სიაში ორი მხედრიონელია:

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის და თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი იმ 36 მეომრის დაჯილოდოვებაზე, რომელიც სამშობლოს დაცვისას უგზო–უკვლოდ დაიკარგა. პრეზიდენტმა ეს გააკეთა იმ მოტივით, რომ ამ სიაში ორი მხედრიონელი აღმოჩნდა: კონსტანინე ლაფერაშვილი და გიორგი ზამთარაძე. მხედრიონელებს არ გვიკვირს ასეთი საქციელი სახელმწიფოს მხრიდან და, მით უმეტეს, ასეთი კაცისაგან… აფხაზეთის ომის დროს მისი ტოლი პირტიტველა ბიჭები სამშობლოს ერთიანობას ეწირებდონენ, ჩვენ არავის ვამადლით ჩვენი და ჩვენი მეგობრების სისხლს, უბრალოდ, შეგახსენებთ, პრეზიდენტო, მხედრიონი ის ორგანიზაციაა, რომელმაც აფხაზეთის 13–თვიან ომში 800–მდე მებრძოლი დაკარგა. არც ჩვენი ბრძოლებით გვიტრაბახია, არც გაჭირვებაზე გვიწუწუნია, არც იმაზე ამოგვიღია ხმა, როდესაც განტევების ვაცად გვაქციეს, მაგრამ როდესაც თანამებრძოლების ხსოვნას შეურაცხყოფენ, ამაზე ვერ გავჩუმდებით. სააკაშვილმა 13 თვე კი არა, 13 დღეც ვერ შეძლო მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა”, – ნათქვამია მხედრიონის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს მოძრაობის წევრმა, გიგა არველაძემ გააცნო თავის თანამებრძოლებთან ერთად.

მხედრიონის პრესკონფერენცია
მხედრიონის პრესკონფერენცია

მხედრიონი პრეზიდენტისაგან მოითხოვს, რომ დაასაბუთოს, თუ რატომ არ აწერს ხელს იმ ბრძანებას, რომელიც უგზო–უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების დაჯილდოებას ითვალისწინებს. ასევე მოითხოვს განმარტებას, რა პრინციპით ჰყოფს იგი დაჯილდოებისას გვარდიელებსა და მხედრიონელებს და კითხვაზე პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც არ გამორიცხავს. 

თავდაცვის უწყების ქვემდებარე სტრუქურაში, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ მათ 36 უგზო–უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის გორგასლის ორდენით დაჯილდოების შუამდგომლობით სააკაშვილს ნამდვილად მიმართეს მაისში, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ:

“მაისის თვეში ჩვენ ნამდვილად გადავგზავნეთ შუამდგომლობა და დღემდე არ არის ის ხელმოწერილი. ასევე არ გვაქვს ოფიციალური პასუხი, თუ რატომ ჭიანურდება აქამდე.  27 სექტემბერს მოდის ომის დამთავრებიდან 20 წლისთავი და ველოდებით პასუხს პრეზიდენტისაგან, თუ რატომ არის ეს საკითხი გაჯანჯლებული. როდესაც ოფიციალური შუამდგომლობა არის შესული, ყველაფერს თავის ვადები აქვს, ამ შემთხვევაში, ყველანაირი ვადა გავიდა. მაისში 26 მაისთან დაკავშირებით გვინდოდა, ახლა 30 აგვისტოს ომის მსხვერპლთა საერთაშორისო დღე მოდის და გვსურდა, რომ ამ თარიღისთვის, ოჯახის წევრებისთვის გადაგვეცა ეს ამბავი. როგორც ჩანს, არ ესწრება და იმედია, 27 სექტემბრისთვის მაინც მოესწრება ეს ამბავი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის აპარატის უფროსმა, მინდია გაჩეჩილაძემ.

იგი ადასტურებს, რომ ვეტერანთა დეპარტამენტის მიერ ხელმოსაწერად პრეზიდენტისთვის გადაგზავნილ სიაში ორი მხედრიონელი ნამდვილად ფიგურირებს.

“ჩვენ ფაქტს ვადგენთ… ჩვენ გმირობას ფაქტის გამო ვანიჭებთ მათ, მხედრიონელი იყო, გვარდიელი თუ მოხალისე, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ის დაეცა სამშობლოსთვის ბრძოლაში”, – აცხადებს იგი.

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციის მოპოვებას ეცდებიან და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

გიგა არველაძე იხსენებს, რომ ზემოხსენებული მეომრები აფხაზეთის ომში უგზო–უკვლოდ 1992 წლის აგვისტოს თვეში დაიკარგნენ, როდესაც შევარდნაძემ რუსეთთან მიღწეული შეთანხმების იმედად გაგრიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა. არველაძის თქმით, მაშინ გაგრაში ქართული ჯარის მხოლოდ მცირე კონტინგენტი დარჩა, რომელთა შორის იყვნენ ზემოხსენებული ჯარისკაცებიც:

“ჩვენ, დაახლოებით 600 მებრძოლი, გამოგვიყვანეს გაგრიდან და მაგის შემდეგ, ფაქტობრივად, 2–3 კვირაში გაგრა დაიკარგა. რუსეთიდან სარკინიგზო მაგისტრალი გაიხსნა, შემოიყვანეს მძიმე ტექნიკა, შემოვარდნენ რუსები და ასე შემდეგ… 600 მებრძოლი წინასწარ გამოგვიყვანეს, ამას შეგვიძლია შეცდომაც დავარქვათ და სამშობლოს ღალატიც. პატარა კონტინგენტი იქ დატოვეს, მანდ, იდეაში, ვითომ უნდა მომხდარიყო ის, რომ რუსეთის შინაგანი ჯარი უნდა შემოსულიყო და აფხაზეთის ტერიტორიიდან კონფედერანტები გაეძევებინა, მაგრამ ამ საქმეში არც მხედრიონის და არც გვარდიის ჩარევა არ უნდოდათ, ამბობდნენ, რომ ჩვენი შინაგანი ჯარებით მოვაგვარებთ ამ საქმესო, ეგეთი შეთანხმება არსებობდა. ჯერ ტექნიკა გაგვაყვანინეს და შემდეგ… ჩვენ, არც მხედრიონს და არც გვარდიას არც ერთი შეტაკება არ წაგვიგია, მაგრამ პოლიტიკოსი აგებს ომს და არა მეომარი. მთავარსარდალმა შევარდნაძემ მიიღოს ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს იგი.

გიგა არველაძე ამბობს, რომ მხედრიონი არ დაშლილა და არსებობას აგრძელებს. რაც შეეხება იმას, თუ რა სტატუსი გააჩნია დღეისათვის ორგანიზაციას, იგი აცხადებს, რომ მხედრიონი რეგისტრირებული არც არასდროს ყოფილა, შესაბამისად, ეს არის მოხალისეთა გაერთიანება. ამასთან, მხედრიონს დღეისათვის თავმჯდომარე არ ჰყავს. 

“ნეტგაზეთის” კითხვას, აპირებს თუ არა მხედრიონი, პასუხი გასცეს საზოგადოებაში მის წინააღმდეგ არსებულ კითხვებს, რომელიც 1990–იან წლებში განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება, არველაძე ამბობს, რომ ისინი ამ კითხვებს პასუხს უკვე ოცი წელია სცემენ, თუმცა გამუდმებით მიმდინარეობს განტევების ვაცის შექმნა და აბსტრაქტული ბრალდებების წაყენება. არველაძის თქმით, ის მომხრეა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც ხსენებულ პერიოდში სამეგრელოში განხორციელებულ ქმედებებს შეისწავლის და ყველა კითხვას ერთხელ და სამუდამოდ გასცემს პასუხს.

“თუმცა უნდა მოხდეს კონკრეტული ფაქტების შესწავლა და არა რაღაც აბსტრაქტული ბრალდებების”, – ამბობს იგი. 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე პასუხის გაცემისას არველაძე უარყოფს ძალადობრივ და მაროდიორულ ქმედებებში მხედრიონის მონაწილეობას. 

‘გთავაზობთ ასეთ ექსპერიმენტს, ჩავსხდეთ მანქანაში, შემოვიაროთ მხედრიონის წევრების სახლები და ვნახოთ, ვინ არის გამდიდრებული და ვის აქვს იმ ომით ნაშოვნი დიდი ფული, გარწმუნებთ, არავის”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *