საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუკი 2012 წლის ივნისში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე დაწყებული სისხლის სამართლის დევნის მაჩვენებელი იყო 173, მიმდინარე წლის იმავე თვეში ეს მონაცები 368–მდე გაიზარდა.
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, იურისტი ოთო კახიძე აცხადებს, რომ ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა, რასაც კატეგორიულად უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შსს–ს მონაცემებით, 2013 წლის პირველ ექვს თვეში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3300 ერთეულით შემცირდა დანაშაული, ხოლო გახნის მაჩვენებელი 24–დან 52%–მდე გაიზარდა.
შსს–ში აცხადებენ, რომ საქსტატის მიერ გასაჯაროებული მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დანაშაულს სრულად ითვლის.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მანიპულირებს სტატისტიკით ცდილობს, რომ პოლიტიკური მიზნებით გამოიყენოს რეგისტრირებული დანაშაულის მონაცემები, რადგან წინამორბედს ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა ამ კუთხით. დანაშაულის დამალვა გამოიწვევს დანაშაულის კიდევ უფრო მეტ ზრდას, ანუ ეს არის პრაქტიკულად გამოუვალი მდგომარეობა, თუკი პოლიციამ დაიწყო პოლიტიკური მოსაზრებებით დანაშაულის დამალვა. სტატისტიკის გადასწორება მიგვიყვანს კიდევ უარეს შედეგებამდე, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება დანაშაული“, – აცხადებს ოთო კახიძე.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ მიერ საქსტატისთვის მიწოდებული ზემოთ აღნიშნული მონაცემებით დაუშვებელია მტკიცება – დანაშაული გაიზარდა თუ შემცირდა. როგორც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა პაიჭაძე განმარტავს, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ნიშნავს, რომ პროკურატურამ დაასრულა გამოძიება, გახსნა საქმე და კონკრეტულ პირებს ამ საქმესთან დაკავშირებით წაუყენა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით:
„პროკურატურაში ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს 180 ათასზე მეტ საქმეზე, რომელიც ეხება როგორც ახლა, ისე წლების წინ ჩადენილ დანაშაულებებს. შესაძლოა დანაშაული მოხდა 6–7 წლის წინ, მაგრამ აქამდე ჩიხში იყო შესული, ვერ გამოიძიეს, პროკურატურამ კი საქმე გახსნა ახლა და ბრალი წაუყენა კონკრეტულ პირს, ან პირებს. სწორედ ასეთი საქმეების რაოდენობას ასახავს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. იგივე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, რომელიც წლების წინ მოხდა და 2013 წელს გაიხსნა, ეს შევა 2013 წლის სტატისტიკაში“, – განუცხადა ხათუნა პაიჭაძემ „ნეტგაზეთს“.
იმავეს აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია. მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლის გაორმაგებით შეუძლებელია იმის მტკიცება, გაიზარდა თუ არა დანაშაული, რადგან, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა ახლა დაიწყო წლების წინ მომხდარ დანაშაულზე.
გაიზარდა თუ არა რეალურად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებელი, შესაბამისი, ჩაშლილად წარმოდგენილი (თვეების და დანაშაულების სახეების მიხედვით) სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუქვეყნებია. უწყების მიერ გასაჯაროებული მონაცემები მხოლოდ 6 თვის ჯამურ შედეგს ასახავს.
“ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეები ვერ გრძნობენ დანაშაულის ზრდას. ახლა ჩვენ სკანდინავიური ქვეყნების მაჩვენებლებიდან ნელ–ნელა აღმოსავლეთ ევროპის მაჩვენებლებისკენ მივიწევთ“, – ამბობს იურისტი ოთო კახიძე.
„ნეტგაზეთმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა რეგისტრირებული დანაშაულის დეტალური სტატისტიკის მოწოდების მოთხოვნით, თუმცა ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ მიგვიღია.
