ირაკლი ავალიანი
ირაკლი ავალიანი

ქუთაისის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ავალიანი ამბობს, რომ ქუთაისის მერიის სოციალურ ღონისძიებათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურში პრობლემებია. კერძოდ, მისი განმარტებით, ამ სამსახურის ბიუჯეტში თანხები, ფაქტობრივად, არ არსებობს:

 

“ეს საიდუმლო არ არის, ამ მხრივ მდგომარეობა ცოტა რთულია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის თანხები პრაქტიკულად აღარ არის. სამედიცინო დახმარების პროგრამაში დახარჯულია 257 300 ლარი. გამოყოფილი იყო 380 ათასი ლარი. ასევე, არის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებით. ჩვენს შემთხვევაში, დახარჯული თანხა არის 75% და 67%, მაგრამ საქმე ის არის, რომ სამსახური გასცემს საგარანტიო წერილებს, რომლებიც დიდი ალბათობით, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადრე თუ გვიან განაღდდება. დღევანდელი დღის მდგომარეობით, დამატებითი თანხები ამ სამსახურს არ აქვს.”

 

კითხვაზე, მომავალ წლამდე გასცემს თუ არა სოციალურ დახმარებას მერია, ავალიანი პასუხობს:

 

“მაგას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ დიდი ალბათობით მოხდება გარკვეული კორექტირებები. ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, რაც არის ჩვენთვის, არის საარჩევნო კოდექსი. არაბუნებრივად ადრე მოხდა არჩევნების დაანონსება, აქედან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლი კრძალავს ბიუჯეტში გარკვეული კორექტირების შეტანას და ეს განიხილება, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.”

 

მისივე თქმით, ბიუჯეტის შესრულება-არშესრულებაზე საუბარი 1 წლის თავზე უნდა იყოს:

 

“ყოველ შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არასტაბილური პერიოდი არ გველოდება წინ, მაგრამ ბიუჯეტის სეკვესტრის, შეუსრულებლობასთან დაკავშირებით საუბარი უადგილო იქნება. ბიუჯეტი სრულდება და ამიტომ პრობლემები არ არის. პრობლემას წარმოადგენს ის გარკვეული თანხები, გარკვეული ნავარაუდევი, პროგნოზირებული შედეგები, მიღწეული არ არის გარკვეულ სეგმენტებში. მაგალითად, ეს არის სათამაშო ბიზნესი. არის გარკვეული ჩამონათვალი, საიდანაც პროგნოზირებულზე ნაკლები თანხაა შემოსული, სამაგიეროდ არის რაღაც ისინი, სადაც პროგნოზირებულზე მეტია შემოსული. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტი სრულდება და ქალაქს ამ მხრივ პრობლემა არ ექნება.”

 

ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე ამბობს, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობის აღება რთულია:

 

“ახლა, უბრალოდ, ცნობად მივიღეთ ჩვენ შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ 6 თვის ბიუჯეტზე პასუხისმგებლობის აღება არის ძალიან რთული და ეს 6 თვე ასევე ართულებს მეორე 6 თვეს, იმიტომ, რომ, მაგალითად, სოციალური პროგრამები ამოიწურა პირველ 6 თვეში. ეს არის სავალალო. ეს არის პოლიტიკა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” გარკვეული მიმართულებებით მოსწრებაზე და მას უნდოდა წარმოეჩინა ისე, რომ, მაგალითად, ჩვენ ვაძლევთ ყველას სოციალურ დახმარებას და მათ იცოდნენ, რომ წლის განმავლობაში ეს თანხა საკმარისი არ იქნებოდა და მოახერხეს ის, რომ თანხა ამოწურეს პირველ 6 თვეში. მომდევნო 6 თვისთვის აუცილებელია გამოიძებნოს სახსრები, რათა სოციალური პროგრამები და ჯანდაცვის პროგრამები არ გაჩერდეს. ეს არის აუცილებელი, ამაზე არავინ კამათობს.” 

 

მისივე თქმით, შემოსავლების ამოღების ის მეთოდები, რასაც წინა ხელისუფლება მიმართავდა, ვერ იქნება გამოყენებული:

 

“გადამეტებულ ადმინისტრირებას ვგულისხმობ და ჯარიმებზე აგებულ პოლიტიკას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი მცირე, მაგრამ მაინც შემაბრკოლებელი მომენტი იქნება ამოღების კუთხით. თუ ჩვენ მთავარ ამოცანად გავხდით ბიუჯეტის შესრულებას და ვიტყვით, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, მაშინ ბიუჯეტს შევასრულებთ გადამეტებით, ვიდრე ამას “ნაციონალები” ასრულებდნენ, მაგრამ მიზანს საშუალება ვერ გაამართლებს. ბიუჯეტი შესრულდება, მაგრამ ჯერ ერთი, ის ხარვეზები, რაც სახეზეა, არის ის, რაც დატოვეს პირველი 6 თვის განმავლობაში, მერე მეორე, თუ ჩვენ გვაქვს დემოკრატიაზე პრეტენზიები, ამიტომ ყველა მეთოდის გამოყენებას ვერ შევძლებთ.”

 

აღნიშნულ ბრალდებებს უტვინობას უწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე გია უკლება და ამბობს, რომ ბიუჯეტი კატასტროფულ მდგომარეობაშია:

 

“ბიუჯეტის 6 თვეს რაც შეეხება, ეს არის სრული კატასტროფა, სრული ჩავარდნა, ბიუჯეტი ვერ სრულდება ვერც შემოსავლების ნაწილში, ვერც ხარჯვით ნაწილში. კლება არის თითქმის ყველა ნაწილში, არ ხერხდება მოსაკრებლების ამოღება გეგმის მიხედვით და ასევე, არ ფინანსდება ის ხარჯები, რომელიც აუცილებლად უნდა დაფინანსდეს.  ისინი ყველაფერს დააბრალებენ “ნაციონალურ მოძრაობას”, ამას შეეგუეთ, რომ ასე იქნება. თავის უსუსურობას, უუნარობას, ბოდიში და, უტვინობას აბრალებენ ნაციონალურ მოძრაობას. ამას დიდი ხანია უკვე ვისმენთ და ამაზე უკვე ჩვენ იმუნიტეტი გვაქვს.”

 

მისივე მტკიცებით, თუ სახელმწიფო უარს ამბობს ადმინისტრირებაზე, ე.ი. კორუფცია ხდება:

 

“იმიტომ, რომ ადმინისტრირებას განსაზღვრავს კანონი. გამოდის, რომ ესენი არღვევენ კანონს, გვაქვს კორუფცია. სხვა გამართლება ამას არ აქვს. კლება არის სათამაშო ბიზნესიდან შემოსულ ხარჯებზე, კლება არის მშენებლობის ნებართვებზე, ანუ კლება არის იმაზე, რაც განსაზღვრავს ძირითადად ქალაქში ამინდს, თუ როგორია ინვესტიციები და როგორია შემოსავლები.”

ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ქუთაისის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას
ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ქუთაისის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *