კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, თურქეთში სტუმრობა საქართველოში თურქეთის საელჩოსა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ გადაწყდა. 

 

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსიტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ მაცაბერიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე და სააგნეტოს თანამშრომლები, გიორგი გაგოშიძე და ნიკოლოზ ზაზუნიშვილი. ასევე, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის თანამშრომლები, ირინე გივიაშვილი და ქეთევან აბაშიძე.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან სამუშაო ჯგუფში ჩართულია საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის არქიტექტორი იოსებ ბანძელაძე.

 

კულტურის სამინისტროს იმედი აქვს, რომ ქართველი სპეციალისტების შენიშვნებს იშხნის რეაბილიტაციის პროცესში გაითვალისწინებენ. სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტების ჯგუფი თურქეთში, იშხანსა და ოშკში, ორჯერ იმყოფებოდა და მათი შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინეს. 

 

ქართველი სპეციალისტების იშხანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობა 12 ივლისს საქართველოს კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარის განცხადებით, თურქეთის ელჩი ქართულ მხარეს თურქეთის მთავრობასთან შუამდგომლობას დაპრიდა:

 

“ბატონი ელჩი შეგვპირდა, რომ კიდევ ერთხელ გაგვიწევს შუამდგომლობას, სანამ სამართლებრივი ჩარჩო გვექნება თანაშმრომლობისა ხელშეკრულების სახით, რათა დაშვებული იქნან ჩვენი სპეციალისტები იშხანზე მიმდინარე სამუშაო პროცესში,”– აღნიშნა მიზანდარმა 12 ივლისს. 

 

იშხნის რეაბილიტაცია თურქეთის ხელისუფლებამ 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. ქართულ მხარეს სჭირდება ჩარჩო–დოკუმენტი, რომლის ძალითაც უფრო ეფექტურად შეძლებს აღდგენით სამუშაოებში ჩართვას. კულტურის სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტი პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხელმოსაწერ დოკუმენტში გათვალისწინებულ განახლებულ რაბათის ციხესთან დაკავშირებულ შენიშვნებს არ ეთანხმება და ხელს არ აწერს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *