Cine-Doc, თბილისის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი წელს პირველად გაიმართება. ფესტივალი შემოდგომაზე, 15–დან 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის მასპინძელი რუსთაველის კინოთეატრი, მოსწავლეთა სახლი და გოეთეს ინსტიტუტი იქნებიან.

 

ფესტივალს ხუთი სექცია ექნება. საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩართული იქნება ისეთი ფილმები, რომლებიც “ინოვაციური თხრობის სტრუქტურითა და საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების წარმოჩენით მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
ორიგინალური ფორმა, გამორჩეული ვიზუალური კონცეფცია, განსხვავებული ჟანრები ( road-movies, biographical films, observational documentaries etc) – ამ სექციაში მოხვდება ბოლო ორი წლის მანძილზე გადაღებული საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო დოკუმენტური ფილმები, ეს განყოფილება ეძღვნება საუკუთესოთა შორის საუკეთესო საავტორო ფილმებს.,”–წერია კინოფესტივალის ვებ–გვერდზე.

 

სექციაში Focus Caucasus კავკასიის რეგიონში შექმნილი დოკუმენტური ფილმები შევა. ამ სექციაში სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში გადაღებული დოკუმენტური ფილმები მიიღებს მონაწილეობას. ფილმების ჩვენებასთან ერთად დისკუსიები და სამუშაო შეხვედრები მოეწყობა, რომელშიც მეზობელი ქვეყნების რეჟისორები, პროდუსერები, კინომცოდნეები მიიღებენ მონაწილეობას.

 

ქართული პანორამა ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოში შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს დაეთმობა.

“ნამუშევრებს წარადგენენ სხვადასხვა თაობის კინორეჟისორები. ეს არის სექცია, რომელიც აერთიანებს როგორც კინემატოგრაფისტებს, ისე ფართო საზოგადოებას. მრგვალი მაგიდის ფორმატში და კინოჩვენებების შემდეგ გაიმართება საუბრები, რომელიც განიხილავს ქართული დოკუმენტური კინოწარმოების პრობლემებსა და მიღწევებს. ამავდროულად, ქართველი რეჟსორები გაიზიარებენ უცხოელი კინოექსპერტების გამოცდილებას,”–ამბობენ ორგანიზატორები.

 

Ciné-DOC Young–ის სექციის კინოჩვენებებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი უმასპინძლებს. მოზარდებისთვის განკუთვნილი ფილმების თემატიკა შემდეგია: მოზარდთა პორტრეტები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გენდერი, ეკოლოგია. ფესტივალის ფარგლებში სკოლებსა და საგანმანათლებლო ცენტრებში სტუმრობაა დაგეგმილი. ვიზიტების დროს წარადგენენ ფილმებს, რომლებიც ნაჩვენები იქნება CinéDOC Young–ის ფარგლებში. ამასთანავე, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მოამზადონ ესსე ან ვიზუალური არტი. მათი ნაშრომები საფესტივალო ღონისძიებაზე გამოიფინება.

 

მეხუთე სექცია გოეთეს ინსტიტუტის შენობაში გაიმართება, რომელიც მთლიანად ვერნერ ჰერცოგის შემოქმედებას დაეთმობა.

 

ფილმების საკუნკურსო  პროგრამისთვის რეგისტრაცია 10 აგვისტომდე გაგრძელდება. საკონკურსო პროგრამაში ჩართვა მხოლოდ 2011–2013 წლებში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს ექნებათ შესაძლებლობა.

 

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *